ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
09/11/2021
გაეროს განვითარების პროგრამა და შვედეთის მთავრობა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან თანამშრომლობას აღრმავებენ

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს, ასევე, UNDP-სა და საელჩოს წარმომადგენლები სტუმრობდნენ. ვიზიტის ფარგლებში უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ სტუმრებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საქმიანობა გააცნო და კამპუს-ტურზე უმასპინძლა.

აღსანიშნავია, რომ ვიზიტის მთავარ მიზანს ახალგაზრდებთან შეხვედრა წარმოადგენდა. მაღალი რანგის სტუმრებმა KIU-ს სტუდენტებს ადამიანის უფლებებზე, თანასწორობასა და განათლებაზე ესაუბრეს. შეხვედრაზე გაიმართა მსჯელობა თანამედროვე ტექნოლოგიების, მათ შორის, ციფრული ხელსაწყოებისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე, ადამიანების უფლებების დაცვის საქმეში. სტუმრებმა და უნივერსიტეტის სტუდენტებმა განიხილეს უახლესი საერთაშორისო პრაქტიკები და მათი დანერგვა საქართველოში ციფრული სერვისების განვითარების და ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესების მიზნით. მათ, ასევე, ისაუბრეს STEM განათლებაში (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია, მათემატიკა) ქალთა ჩართულობის გაზრდაზე, რაც საქართველოში ამჟამად 16 პროცენტს არ აღემატება.



"ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სტუმრად იმყოფებიან გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი ნიკ ბერესფორდი და შვედეთის ელჩის მოადგილე, შვედეთის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ხელმძღვანელი ერიკ ილესი. შედგა შეხვედრა უნივერსიტეტის სტუდენტებთან და პროფესორებთან, სადაც განვიხილეთ თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების ფონზე ადამიანის უფლებები, გენდერული თანასწორობა და სხვა საკითხები. სტუმრებმა უპასუხეს შეკითხვებს კოვიდ-პანდემიასთან დაკავშირებით, იმ წარმატებებთან დაკავშირებით, რომლებსაც მიაღწიეს გაეროს განვითარების პროგრამამ და შვედეთმა, როგორც ქვეყანამ. ვისაუბრეთ, რა წარმატების მაგალითები შეიძლება განხორციელდეს საქართველოში", - განაცხადა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ.



„მივესალმები ახალგაზრდების ენერგიას, ენთუზიაზმსა და სწავლის მიმართ დამოკიდებულებას. ყველა ახალგაზრდას შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე იცხოვროს და ისწავლოს დისკრიმინაციისა და უთანასწორობისგან თავისუფალ გარემოში. გაეროს განვითარების პროგრამა განაგრძობს საქართველოს ხელშეწყობას თანასწორი და სამართლიანი საზოგადოების მშენებლობაში, სადაც ყველა ადამიანი შეძლებს საკუთარი მისწრაფებების რეალიზებას და არავინ დარჩება განვითარების მიღმა", - განაცხადა ბერესფორდმა.



„განათლება და ადამიანის უფლებების პატივისცემა წარმატებული საზოგადოების საფუძველია. როგორც საქართველოს მტკიცე მხარდამჭერი მდგარი ეკონომიკური და სოციალური განვითარების საკითხებში, შვედეთი მხარს უჭერს ადამიანის უფლებების, თანასწორობისა და მრავალფეროვნების პრინციპების პოპულარიზაციას ყველა სოციალურ ჯგუფში, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებში", - აღნიშნა ილესმა.



სტუდენტების გაძლიერების, თანასწორი და განვითარებაზე ორიენტირებული გარემოს შექმნის მიზნით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსტიტეტი და გაეროს განვითარების პროგრამა არაერთ ღონისძიებას გეგმავენ მომავალში.


 


 

ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 875