პრესრელიზი
2 აგვისტო, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
ვახტანგ ასანიძე,
Tel: +995 555910926
Email: v.asanidze@msy.gov.ge
გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი ეროვნულ ტურს იწყებს
დღეს, 2 აგვისტოს, გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელმა, თორნიკე ზურაბაშვილმა, გამართა პრესკონფერენცია, რომელზეც ისაუბრა აგვისტოსა და სექტემბრის განმავლობაში დაგეგმილი ეროვნული ტურის შესახებ. ღონისძიება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ჩატარდა.
როგორც პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, ეროვნული ტურის ფარგლებში ახალგაზრობის წარმომადგენელი ეწვევა ანაკლიას, ზუგდიდს, ბათუმს, ფოთს, ოზურგეთს, ქუთაისს, ახალციხეს, გორს, წეროვანს, რუსთავს, მცხეთას, ახმეტას და თელავს, სადაც ახალგაზრდების პრობლემების, ინტერესებისა და მოსაზრებების სიღრმისეულად გაცნობის მიზნით, შეხვდება ადგილზე მცხოვრებ ახალგაზრდებს, სკოლის მოსწავლეებს, უნივერსიტეტის სტუდენტებსა და ადგილობრივი და საერთაშორისო ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ოქტომბრის განმავლობაში კი, ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაემგზავრება ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც იგი გაეროს გენერალური ასამბლეის კომიტეტების სხდომებს დაესწრება და საქართველოს ახალგაზრდობის წინაშე მდგარი პრობლემების თაობაზე ისაუბრებს.
გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი ერთი წლის ვადით ირჩევა და სრულად ფინანსდება
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ. პროგრამის პარტნიორია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. 2013-2014 წლის გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტი თორნიკე ზურაბაშვილია.
ინიციატივის ფარგლებში მოქმედებს გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის Facebook გვერდი
https://www.facebook.com/UNyouthgeorgia და მასზე ყოველდღიურად თავსდება ახალგაზრდობასთან დაკავშირებული საერთაშორისო და ადგილობრივი სიახლეები, ახალგაზრდული პროგრამები, კონკურსები და ვაკანსიები, წარმომადგენლის შეხვედრების განრიგი და მათი მოკლე აღწერა. აქვე გაქვთ შესაძლებლობა დაუკავშირდეთ ახალგაზრდობის წარმომადგენელს და მოითხოვოთ მასთან შეხვედრა.
###