ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
გამოფენა 90-იანი წლების ეროტიკული ფილმების რეკლამებიდან გიორგი ხანიაშვილის “ვენერამდე”
21/08/2013

პრესრელიზი

21 აგვისტო,2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

გამოფენა 90-იანი წლების ეროტიკული ფილმების რეკლამებიდან გიორგი ხანიაშვილის "ვენერამდე"

Popiashvili Gvaberidze Window Project წარმოგიდგენთ მორიგ გამოფენას: 90-იანი წლების ეროტიკული ფილმების რეკლამებიდან გიორგი ხანიაშვილის "ვენერამდე"

გიორგი ხანიაშვილის (დაბ. 1982 წ.) პირველი შეხება ხელოვნებასთან სხვადასხვა ყვითელი პრესიდან, ეროტიკული ფილმებიდან და პორნოგრაფიული ჟურნალებიდან სურათების გადახატვასთანაა დაკავშირებული. ეს სახეები მის მეხსიერებაში დღემდეა დარჩენილი და ისინი გარკვეულწილად განაპირობებენ მისი ხელოვნების ვიზუალურ მხარეს.

ეს მასალა ხანიაშვილის ცნობიერებაში დაილექა როგორც იმ უნიკალური დროისა და პერიოდის ნიშანი, როდესაც ე.წ. რკინის ფარდა მოიხსნა და საბჭოთა რეალობაში მანამდე უცნობმა და განსხვავებულმა კულტურულმა და ვიზუალურმა პროდუქტმა დაიწყო შემოღწევა. იმ პერიოდში ორი სამყარო - ყოფილი საბჭოთა და ახალი ველური კაპიტალიზმი - ერთდროულად უცნაური ჰიბრიდის სახით თანაარსებობდა. გიორგი ხანიაშვილის აზრით, მისი "შემოქმედების ერთ-ერთი პრინციპი ეკლექტურობა და ყველაფრისადმი ტოლერანტულობაა... აქ ერთი სკულპტურა თავის თავში შეიძლება მოიცავდეს კლასიკური გაწონასწორებული ანტიკური ხელოვნების დეტალებს, მთავარანგელოზის ნაკვთებს ბიზანტიური იკონოგრაფიიდან და ამავე დროს თანამედროვე ყვითელი პრესისა და პორნოჟურნალებისათის დამახასიათებელი აგრესიული და უსირცხვილო ქალის გამოსახულების ნიშნებს."

სწორედ ასეთი ჰიბრიდული კულტურის პროდუქტია არსენ ბერიაშვილის მიერ კინოთეატრ "აპოლოსთვის" 1990-95 წლებში შესრულებული ეროტიკული ფილმების პლაკატები. ამ პლაკატებსა და ხანიაშვილის მიერ ხეში შესრულებულ სკულპტურებს შორის საინტერესო მხატვრული და ისტორიული კონტექსტი იკვეთება: საბჭოთა ესთეტიკის მატარებელი პლაკატის ხელოვნება ეროტიკული კინოს ახალ იკონოგრაფიებს ერწყმის და შედეგად ეკლექტურ და საინტერესო სანახაობას წარმოგვიდგენს.

დამატებითი ინფორმაციისა და ფოტოებისთვის დაგვიკავშირდით მისამართზე npgallery@gmail.com ან ჩვენს Facebook გვერდზე Popiashvili Gvaberidze Window Project.

Popiashvili Gvaberidze Window Project საჯარო ხელოვნებისა და დიზაინის საგამოფენო სივრცე, თბილისის ე.წ. მელიკ აზარიანცის სახლში, რუსთაველის გამზირის №37-ში, ერთ-ერთ ვიტრინაში მდებარეობს.

საზაფხულო-საშემოდგომო პროგრამის თანადამფინანსებელია ქალაქის მერია.

წაკითხულია: 2826