განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით KIU და ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრი პროგრამას იწყებენ.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრი უფროსკლასელთა მომზადების პროგრამას იწყებენ. ახალი ინიციატივა მიზნად ისახავს იმერეთის რეგიონში მცხოვრები მოსწავლეთათვის უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, ასევე, ახალგაზრდებში მათემატიკის, კომპიუტერული და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების (STEM დარგების) პოპულარიზაციას.
პროგრამა შემუშავდა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) პროფესორების გიორგი ონიანისა და ია მოსაშვილის მიერ და ჩატარდება მათი ხელმძღვანელობით. პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მე-11 და მე-12 კლასელებს ჭიათურიდან და ზესტაფონიდან.
„ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის ფარგლებში განსახორციელებელი ინფორმაციული ტექნოლოგიების ორწლიანი პროგრამა ემსახურება ახალგაზრდა კვალიფიციური კადრების მომზადებას. ინფორმაციულ ტექნოლოგიებს უდიდესი წვლილი მიუძღვის ნებისმიერი სფეროს განვითარებაში და დღითიდღე მოთხოვნადი ხდება. ბოლოს არსებულმა სიტუაციამ კიდევ უფრო დაგვანახა ამ დარგის სპეციალისტების საჭიროება. ყველა აბიტურიენტი IT უნარებით მომზადებული უნდა შეხვდეს სტუდენტობას, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი თავისუფლად უნდა იყვნენ ადაპტირებულნი ტექნოლოგიურ გარემოში, უფრო მეტიც, ზოგიერთი მათგანისთვის ის პროფესიის განმსაზღვრელიც კი უნდა გახდეს," - აცხადებს პროფესორი ია მოსაშვილი.
მოსწავლეთა რეგისტრაცია უკვე მიმდინარეობს, მსურველებს 17 ოქტომბრამდე შეუძლიათ დარეგისტრირდნენ შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3DkdgGQ
მონაწილეთა შერჩევა მოხდება კონკურსის გზით, რისთვისაც ჩატარდება ტესტირება. კონკურსის დროს შეფასდეს მოსწავლეთა ცოდნა და კრიტიკული აზროვნების უნარი.
მულტიფუნქციური ცენტრი აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური სამუშაო ოთახებით, თითოეული მოსწავლისთვის გათვალისწინებულია ლეპტოპის სარგებლობაში გადაცემა. ცენტრი, ასევე, უზრუნველყოფს მოსწავლეთა ტრანსპორტირებას მათი საცხოვრებლიდან ცენტრამდე და პირიქით. ცენტრში სწავლა უფასოა.
პროგრამის შესახებ:
პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს ორ წელს - პირველი წელი განკუთვნილია მე-11 კლასელებისათვის, ხოლო მეორე - მე-12 კლასელებისათვის. მათემატიკის პროგრამა მოიცავს როგორც სააბიტურიენტო მოსამზადებელ საკითხებს, ისე დამატებით მასალას. სემესტრის ხანგრძლივობა შეადგენს 10 კვირას. მათემატიკის პროგრამაში ჩართვას შეძლებენ მე-11 კლასის მოსწავლეები, თუმცა დაინტერესების შემთხვევაში მე-12 კლასელებსაც ექნებათ მონაწილეობის მიღების საშუალება. ინფორმაციული ტექნოლოგიების კურსში ჩართვა კი, ორივე კლასის მოსწავლეებისთვისაა შესაძლებელი. დაინტერესებულ მოსწავლეებს შეუძლიათ აირჩიონ მხოლოდ მათემატიკის, მხოლოდ ინფორმაციული ტექნოლოგიების, ან ორივე კურსის გავლა ერთად. დეტალები იხილეთ დამატებით ინფორმაციაში.