საქართველოში ტყის პირველი ეროვნული აღრიცხვა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ტექნიკური და გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
ტყის ეროვნული აღრიცხვის საველე სამუშაოები ქვეყნის მასშტაბით 2019-2021 წლებში განხორციელდა, ხოლო 2022-2023 წლებში საველე სამუშაოების შედეგად მიღებული მონაცემები დამუშავდა და შესაბამისი ანგარიში და რეკომენდაციები მომზადდა. აღნიშნული ტყის მონიტორინგის სისტემისა და სამეცნიერო კვლევების განვითარების, მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავებისა და კვლევითი ინსტიტუტების გაძლიერების შესაძლებლობას იძლევა.
ნინო თანდილაშვილმა მადლობა გადაუხადა გერმანულ მხარეს მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ საქართველოში პირველად ჩატარდა ტყის ეროვნული აღრიცხვა და ინვენტარიზაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო ზუსტი მონაცემები და ინფორმაცია გვაქვს საქართველოს ტყეებში არსებული მდგომარეობის შესახებ.
„ტყის ეროვნული აღრიცხვის პროცესში ჩართულები იყვნენ როგორც საერთაშორისო, ისე ქართველი ექსპერტები. საქართველოს ტყეებს, რომელიც ფარავს ქვეყნის ტერიტორიის 40%-ზე მეტს, სჭირდება ყურადღება და მოვლა, განსაკუთრებით კლიმატის ცვლილების ფონზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეფორმა, რომელიც საქართველოს ტყის კოდექსის მიღებით დავიწყეთ, წარმატებით გაგრძელდეს, ქვეყნის მასშტაბით შეიქმნას სატყეო მეურნეობები, დაინერგოს ტყის რესურსების დამზადების მდგრადი პრაქტიკა, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდეს ტყის მოვლა-აღდგენის ღონისძიებებზე. ეს ყველაფერი უზრუნველყოფს შევინარჩუნოთ ის უნიკალური რესურსი, რასაც საქართველოს ტყეები ჰქვია", - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ ტყის ეროვნული აღრიცხვის შედეგების ანგარიშის პრეზენტაცია საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდამჭერი პროექტის „ECO Georgia"-ს ფარგლებში გაიმართა, რომელიც თანადაფინანსებულია კლიმატის მწვანე ფონდისა და გერმანიის, შვეიცარიისა და საქართველოს მთავრობების მიერ და ხორციელდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ.
„ტყის ეროვნული აღრიცხვის შედეგებმა გვაჩვენა, რომ საქართველოს ტყეები მდიდარია ბიომრავალფეროვნებით, ხეთა სახეობებითა თუ ბუნებრივი ტყის ტიპებით. ამასთან ერთად, ჩვენ დავინახეთ, რომ საქართველოს სჭირდება გარკვეული დრო, რათა აღიდგინოს მერქნული რესურსების მარაგი, შეინარჩუნოს ბიომრავალფეროვნება და ეკოსისტემური მომსახურებები, რაც უზრუნველყოფს ტყეების კონსერვაციას და ხელს შეუწყობს ბუნებრივი კატასტროფების თავიდან აცილებას", - განაცხადა პროექტ „ECO Georgia"-ს ტყის მდგრადი მართვის კომპონენტის ხელმძღვანელმა კრისტიან გოენერმა.
როგორც საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა ერნსტ პეტერ ფიშერმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია ერთობლივი მუშაობა, რათა ქვეყანამ შეინარჩუნოს ბუნება და, ამავე დროს, მიიღოს ეკონომიკური სარგებელი.