ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
16/07/2026
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების მარეგულირებელი კანონმდებლობის აღსრულებისთვის შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების მარეგულირებელი კანონმდებლობის ეფექტიანი აღსრულების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე იმსჯელეს ,,ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ" კანონით გათვალისწინებული ცვლილებების პრაქტიკაში დანერგვის, შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შემუშავებისა და სამინისტროს ინსტიტუციური მზაობის უზრუნველყოფისთვის საჭირო ღონისძიებების შესახებ.

„საქართველოს პარლამენტმა მიიღო „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებები, რომლითაც განისაზღვრა ცხოველთა საკვების წარმოების მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების (გარდა სიმინდის, ხორბლისა და ვაზისა) იმპორტისა და გადამუშავების სამართლებრივი ჩარჩო. კანონმდებლობის ეფექტიანად აღსრულებისათვის საჭიროა დეტალური კანონქვემდებარე აქტების შემუშავება, მათ შორის, სამინისტროს შესაბამისი უწყებების სისტემური და ინსტიტუციური მზაობა. შესაბამისად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქტიურად და ინტენსიურად მუშაობს, ერთის მხრივ, კანონქვემდებარე აქტების შემუშავების მიმართულებით, ხოლო, მეორე მხრივ, იმ საჭიროებებისა და ძირითადი მიმართულებების განსაზღვრაზე, რომელთა დაკმაყოფილებაც აუცილებელია, რომ სამინისტრო ინსტიტუციურად მზად იყოს კანონმდებლობის მოთხოვნების აღსასრულებლად", - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა.


საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებების თანახმად, „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ" საქართველოს კანონით განისაზღვრა ცხოველთა საკვების წარმოების მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების (გარდა სიმინდის, ხორბლისა და ვაზისა) იმპორტისა და გადამუშავების სამართლებრივი ჩარჩო.


 

კანონის მიხედვით, საქართველოში უცვლელი რჩება ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გარემოში ინტროდუქციის, საბაზრო ქსელში განთავსებისა და იმპორტის აკრძალვის პრინციპი. გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ იმ ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისთვის, რომლებიც საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ნუსხის შესაბამისად იქნება დაშვებული და მათი გამოყენება მოხდება მხოლოდ ცხოველთა საკვების წარმოების მიზნით.

ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 25