ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
19/11/2023
გერმანიის ელჩმა დასავლეთ საქართველოში პროექტები მოინახულა

მიმდინარე კვირას გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი ს ქართული მედიის წარმომადგენლების ჯგუფთან ერთად დასავლეთ საქართველოში განვითარების სფეროში გერმანიის თანამშრომლობის სხვადასხვა პროექტს ეწვია. მას თან ახლდნენ საელჩოს ეკონომიკური თანამშრომლობის გუნდისა და ორი განმახორციელებელი ორგანიზაციის, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) წარმომადგენლები. 

ბათუმისკენ მიმავალ გზაზე პირველი გაჩერება იყო ზესტაფონის ქვესადგური, რომლის რეაბილიტაცია ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა და რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ელექტროენერგიის მიწოდებაში. ეს გერმანიის მხარდაჭერის მხოლოდ ერთი მაგალითია, რადგან ბოლო ათი წლის განმავლობაში ელექტროენერგიის გადაცემის მხარდასაჭერად დაახლოებით 135 მილიონი ევრო იქნა გამოყენებული. KfW-ს მეშვეობით განხორციელდა 470 კილომეტრის სიგრძის ახალი გადამცემი ხაზების გაყვანა ან ძველის რეაბილიტაცია, რამაც საქართველოს ელექტროქსელებთან დაკავშირების საშუალება მისცა მცირე ჰიდროელექტროსადგურებს, რომელთა საერთო სიმძლავრე 400 მეგავატზე მეტია.


 


ბათუმში განხილვის თემები იყო მდგრადი ურბანული განვითარება და ურბანული მობილობის გაუმჯობესება. დელეგაცია ასევე გაეცნო ბათუმში ველოსიპედებით გადაადგილების გენერალურ გეგმას, ველოსიპედების გაქირავების სისტემას და კონცეფციას ფეხით მოსიარულეთათვის.


 


გარდა ამისა ბათუმისა და თბილისის ავტობუსის მძღოლებმა გაიარეს ტრენერების კურსები ენერგოეფექტური და უსაფრთხო მართვისა და ასევე მგზავრებთან კომუნიკაციის თემებზე. მხოლოდ 2022 წელს ჩატარებული ტრენინგებისას მათ უკვე გადასცეს თავიანთი ცოდნა სატრანსპორტო კომპანიების თითქმის 2000 ავტობუსის მძღოლს.


ურბანული განვითარება ასევე მოიცავს ბათუმის წყლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროექტს. გამწმენდი ნაგებობის მშენებლობისა და წყალმომარაგების სხვა ობიექტების განახლებით, ქალაქის მოსახლეობას აქვს სუფთა სასმელი წყალი და მოქმედი კანალიზაციის სისტემა. ამით 2011 წლიდან საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქში 200 000-ზე მეტი ადამიანი უზრუნველყოფილია წყალმომარაგებით. სხვა მიზეზებთან ერთად ამ ფაქტორით გამოწვეულმა ტურისტების რაოდენობის საგრძნობმა ზრდამ ბათუმში ხელი შეუწყო ადგილობრივად 60 000 სამუშაო ადგილის შექმნას.


ვიზიტის დასასრულს ბათუმის ქალაქის ადმინისტრაციამ ხელი მოაწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს GIZ-თან ე.წ. „ურბანული ლაბორატორიის" შესაქმნელად, სადაც ბათუმელებთან ერთად შემუშავდება და გამოცდას გაივლის სხვადასხვა პროექტი უფრო ლამაზი და მწვანე ბათუმისთვის.


 


 

ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 1068