ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
28/11/2022
გპფ პროექტის „საკვირაო სკოლა ეთნიკური უმცირესობების სკოლების მოსწავლეებისათვის“ ფინანსური მხარდამჭერია

გასულ კვირას სსიპ-მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და გუდავაძე - პატარკაციშვილის ფონდს შორის საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა. კერძო ფონდი მასწავლებლის სახლის ინიციატივას დააფინანსებს, რომელის ფარგლებშიც ,,არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერის ქვეპროგრამის" პროექტი - ,,საკვირაო სკოლა ეთნიკური უმცირესობების სკოლების მოსწავლეებისათვის" განხორციელდება.
საგანმანათლებლო პროექტის მიზანია: სახელმწიფო ენის გაძლიერება; ეთნიკური უმცირესობების სტუდენტთა ჩართვა სასწავლო პროცესში; მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო უნარების, ემოციური ინტელექტის, ლოგიკის, კომუნიკაბელურობის, კულტურულ-შემოქმედებითი უნარების მაღალ დონეზე განვითარება; ეთნიკური უმცირესობების სტუდენტთა პროფესიული განვითარების და სკოლაში დასაქმების ხელშეწყობა.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რასაც პროექტი მოიაზრებს ესაა უნივერსიტეტისა და სკოლის მჭიდრო ურთიერთობის მოდელის შექმნა; ასევე სკოლის ბაზაზე სტუდენტის პრაქტიკის გავლის სახელმძღვანელოს შემუშავება, მონიტორინგის ინსტრუმენტებისა და საკვირაო სკოლებისათვის პროგრამის შექმნა.

ახალი პროექტი დეკემბრიდან დაიწყება და 9 თვის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობებსა და ღონისძიებებს მოიცავს. პირველ ეტაპზე ასევე გათვალისწინებულია ეთნიკური უმცირესობების 12 სკოლისა და იმავე თემის 12 სტუდენტის მონაწილეობა.

გპფ-სა და მასწავლებლის სახლს შორის თანამშრომლობა 2020 წელს დაიწყო და უკვე მეორე ერთობლივი პროექტი ხორციელდება. თანამშრომლობის მიზანია ერთობლივად იმუშაონ სხვადასხვა საგანმანთლებლო თემებზე, რომელიც მასწავლებლის როლის გაძლიერებას და ქართული ენის სწავლების მიმართულებით განხორციელდება. ასევე იმუშაონ პროფესიული განვითარების პროგრამების მიმართულებით, ხელი შეუწყონ სკოლების განვითარებას და სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიის დანერგვას.


გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი 2017 წელს შეიქმნა და მისი მისიაა ხელი შეუწყოს ქვეყანაში განათლების სისტემის განვითარებას. იგი მიზნად ისახავს განათლების საერთო ხარისხის ამაღლებას, განათლების სტანდარტების გაუმჯობესებასა და მასზე ხელმისაწვდომობის გაზრდას. საკუთარი საქმიანობითა და განათლების სექტორში ინვესტირებით "გპფ" მოწოდებულია, შეიქმნას საჯარო და კერძო პარტნიორობის წარმატებული მოდელი ეროვნული განათლების სისტემის მხარდასაჭერად. ბოლო 5 წლის განმავლობაში ფონდის მიერ დაფინანსდა 30-მდე საგანმანათლებლო პროექტი. "გპფ-ს" ფინანსური ინვესტიცია განათლების სექტორში თითქმის 4 მლნ. ლარს შეადგენს.
ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტების თანადამფინანსებლები და პარტნიორები არიან ისეთი ორგანიზაციები და ინსტიტუტები, როგორებიცაა: ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო, საქართველოს გაეროს ბავშვთა ფონდი, USAID, UNDP, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ცენტრი, Konrad Adenauer Stiftung, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, Public Institution Educational Debate Centre in Lithuania, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გორის, ზუგდიდის, ქუთაისის თელავის, , სოხუმის, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტები და სხვა ორგანიზაციები.


 

ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 1197