5 აპრილს, 15:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდსა და მასწავლებლის სახლს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქველმოქმედო-საგანმანათლებლო ფონდის დირექტორმა ზურაბ კერვალიშვილმა და მასწავლებლის პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორი ბერიკა შუკაკიძემ.
მემორანდუმის მიზანია აქტიური თანამშრომლობის დაწყება სკოლებში სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესების, მასწავლებელთა, მომავალ მასწავლებელთა და განათლების ადმინისტრირების სპეციალისტთა პროფესიის პოპულარიზაციისა და პროფესიული განვითარების მიმართულებით. თანამშრომლობის ფარგლებში მხარეები თანხმდებიან იმუშაონ პროფესიული განვითარების პროგრამების მიმართულებით, ასევე ხელი შეუწყონ სკოლების განვითარებას და სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიის დანერგვას.
მხარეები ასევე მიზნად ისახავენ იმუშაონ ისეთი საგანმანათლებლო ინიციატივებისა და პროექტების ფარგლებში, როგორებიცაა: საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლების გაუმჯობესების ხელშეწყობა; თანამედროვე საერთაშორისო საგანმანათლებლო მიდგომების დანერგვის ხელშეწყობა; სასწავლო რესურსების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა და სხვა საგანმანათლებლო მიმართულებით, რომელიც ხელს შეუწყობს განათლების სისტემის მხარდაჭერას.
„ფონდი განაგრძობს განვითარებას - ზრდის დაფინანსებული პროექტების რაოდენობას, იძენს ახალ გრანტიორებსა და პარტნიორებს, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ ორგანიზაციებსა და ინსტიტუტებს შორის. მასწავლებლის სახლთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან სწორედ მასწავლებელსა და მომავალ მასწავლებელზე ორიენტირებული პროექტებში ინვესტირებაა ფონდის ერთ-ერთი მიზანი. გვჯერა ჩვენს ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობა ახალ პროექტებში საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს სისტემის გაუმჯობესებას და განათლების ხარისხის ამაღლებას ქვეყანაში,“ - განაცხადა ზურაბ კერვალიშვილმა.
გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის შესახებ:
გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მისიაა ხელი შეუწყოს ქვეყანაში განათლების სისტემის განვითარებას და მიზნად ისახავს განათლების საერთო ხარისხის ამაღლებას, განათლების სტანდარტების გაუმჯობესებასა და განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას. ფონდი მოწოდებულია საკუთარი საქმიანობით და განათლების სექტორში ინვესტირებით შეიქმნას საჯარო და კერძო პარტნიორობის წარმატებული მოდელი ეროვნული განათლების სისტემის მხარდასაჭერად.
მასწავლებლის პროფესიული განვითარების ცენტრის შესახებ:
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის უმთავრესი მიზანია სკოლაში სწავლისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა მასწავლებლის პროფესიული ცოდნისა და საქმიანობის მაღალი სტანდარტის დამკვიდრების, მასწავლებლის პროფესიის სტატუსის ამაღლების გზით.