14 ნოემბერი, 2014
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
მაიკო ჩიტაშვილი
ღონისძიების კოორდინატორი
ელ ფოსტა: maiko@publicity.ge
მობილური : (+995) 593260609
გულ-სისხლძარღვთა ახალი ტექნოლოგიები საქართველოში მრავალი ქართველი პაციენტის სიცოცხლეს გადაარჩენს
კონფერენციის ფარგლებში საქართველოს გულის რიტმის ასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი პაპიაშვილმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა რობერტ ჰატალამ სლოვაკეთიდან და ჩეხმა პროფესორმა იოზეფ კაუცნერმა გულის უეცარი გაჩერების წინააღმდეგ ბრძოლის უახლესი მიღწევები წარმოადგინეს. პრეზენტაციაზე ასევე წარმოდგენილი იყო დასავლური ქვეყნების გამოცდილება და გულის უეცარი გაჩერების პრევენციის ყველაზე თანამედროვე მეთოდები.
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები სიკვდილიანობის ძირითად მიზეზს წამოადგენს მსოფლიოში. ყოველწლიურად გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით: ინფარქტით და ინსულტით დაახლოებით 17 მილიონი ადამიანი იღუპება. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველოში სიკვდილიანობის გამომწვევი მიზეზების 69%-ს სწორედ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები წარმოადგენს.
საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტის ალექსანდრე ალადაშვილის განცხადებით საქართველო იმ ქვეყნების სიაშია, სადაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, მათ შორის კი არითმია, გარდაცვალების ძირითადი მიზეზია, ხოლო გულ-სისხლძარღვთა დაავადებით უფრო მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე ყველა სხვა დაავადებით.
„ჩვენ მოხარულები ვართ საქართველოსა და ევროპის გულის რიტმის ასოციაციისა და მსოფლიოში წამყვანი სამედიცინო ტექნიკის მწარმოებელი კომპანიის მჭიდრო თანამშრომლობით. მივესალმებით ადგილობრივი ექიმებისთვის ტრენინგებისა და განათლების ხელშეწყობას. ჩვენ გვჯერა, რომ თანამედროვე მკურნალობის მეთოდები დაეხმარება საქართველოს ამ პრობლემასთან ბრძოლაში და რაც მთავარია, რაც შეიძლება მეტი სისოცხლის გადარჩენა გახდება შესაძლებელი".
საქართველოს გულის რიტმის ასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი პაპიაშვილმა ყურადღება გაამახვილა ღონისძიების საერთო მნიშვნელობაზე, რომელმაც ქართველ ექიმებს დეტალურად გააცნო გულის უეცარი გაჩერების პრევენციისა და გულის ქრონიკულ უკმარისობასთან ბრძოლის თანამდროვე მკურნალობის მეთოდები. შეხვედრაზე ბატონმა გიორგიმ აღნიშნა: "საქართველოში მოღვაწე გულ-სისხლძარღვთა სპეციალისტები მიესალმებიან თანამედროვე ტექნოლოგიების უფრო ფართოდ შემოტანასა და დამკვიდრებას, ექიმებისთვის ტრენინგების ხელმისაწვდომობას მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც თავისთავად უდიდეს როლს შეასრულებს პაციენტების სიცოცხლის შენარჩუნებაში".
საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, საქართველოდან და დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან მოწვეულმა ექსპერტებმა პლენარული საგანმანათლებლო სესიები და მასტერ-კლასები გამართეს. ქართველმა ექიმებმა და სპეციალისტებმა სრული ინფორმაცია მიიღეს ახალი ტექნოლოგიების შესახებ, გაეცნენ გულის რესინქრონიზაციული თერაპიის და ექოკარდიოგრაფიის საერთაშორისო პრაქტიკას და ევროპის გულის რიტმის ასოციაციის მიერ ადაპიტირებული მკურნალობის მეთოდებს. სასტუმრო რედისონში გამართულ მასტერ-კლასებსა და სესიებს უძღვებოდნენ ექიმები, მედიცინის დოქტორები და პროფესორები აშშ-დან, სლოვაკეთიდან, ყაზახეთიდან, რუსეთიდან, ჩეხეთის რესპუბლიკიდან, ხორვატიიდან, შვეიცარიიდან და გერმანიიდან.
ორდღიანი ღონისძიების ფარგლებში, ქართველ ექიმებსა და უცხოელ კოლეგებს საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ გულის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს. კონფერენციის ფარგლებში ასევე გაიმართა დისკუსია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გლობალური ტენდეციების შესახებ, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გავლენასა და არსებულ გამოწვევებზე საქართველოში. დისკუსიაზე ასევე განიხილეს ეროვნული ჯანდაცვის სისტემის გაძლიერების შესაძლებლობაც. საუბრის ერთ-ერთ თემას ასევე წარმოადგენდა ქვეყანაში თანამედროვე ტექნოლოგიების, მკურნალობის თეორიასა და პრაქტიკის ხელმისაწვდომობის გაზრდის გზები, რათა შედეგად მრავალ პაციენტს შეუნარჩუნდეს და გაუხანგრძლივდეს სიცოცხლე.