მაინც, რას წარმოადგენს გუნდ ობერტონის გამოგონება? ეს არის ბარნის ლაბირინთის ავტომატიზირებული ვერსია. აღნიშნულ ლაბირინთზე ჩატარებული ტესტის საშუალებით ფასდება საცდელი ცხოველების მეხსიერება და მათზე წამლებისა და ქიმიური საშუალებების მათზე ზემოქმედება. ტესტის მიზანია, წამლის მიღებამდე და წამლის მიღების შემდეგ, მიღებული შედეგების შედარება. რუტინისა და დანახარჯის თავიდან აცილების შესანიშნავ ხერხს მიაგნეს მოსწავლეებმა. ბარნის სმარტ-ლაბირინთი ავტომატურად განათავსებს თაგვს მაგიდის ცენტრში, იწერს მის მოქმედებას და ტრაექტორიას, ინიშნავს მაგიდის თითოეულ უჯრასთან თაგვის დაყოვნების დროს და ტესტის სრულ დროსა და ანალიზს მზა სახით აწვდის ბიოლოგს.
,,ჩვენი გამოგონება სრულიად ახალი და ინოვაციური ნაბიჯია მედიცინასა და ბიოლოგიაში, რადგან იგი საშუალებას გვაძლევს, შევამოწმოთ ახალი მედიკამენტის გავლენა მეხსიერებაზე, რაც მთავარია, სრული სიზუსტით,” - აღნიშნავს გუნდის ერთ-ერთი წევრი, მარიამ გამრეკელაშვილი.
რაც შეეხება პროექტის შექმნის იდეას - როგორც ახალგაზრდა გამომგონებლები ამბობენ, იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც თავად ნახეს, თუ როგორ ატარებდნენ ბიოლოგები ბარნის ლაბირინთზე ცდებს და გააანალიზეს, თუ რამხელა შრომის გაწევა იყო საჭირო შედეგების მისაღებად. სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტეს, ავტომატიზირებული გაეხადათ ლაბირინთი. იმის გამო, რომ დაავადებები საკმაოდ სწრაფად ვრცელდება და მათ აღმოსაფხვრელად შეზღუდული აქვთ დრო მეცნიერებს, ეს პროექტი, ამ მხრივაც, უნიკალურია - კვლევაც მარტივდება და ზუსტ შედეგსაც უფრო მალე ვიღებთ.