01/05/2026„სოფლის მეურნეობას, როგორც დარგს და მიმართულებას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო და სახელმწიფო პრიორიტეტად განისაზღვრა „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის დროიდან და ამის შემდეგ დაიწყო სოფლის მეურნეობის გაძლიერება", - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა.
მინიტრმა აგრარული დარგის განვითარების ხედვაზე საუბრის დროს აღნიშნა, რომ პირველი ეტაპი გავლილია და ახლა შემდგომი ფაზა იწყება.
„აუცილებელი იყო იმ პროგრამების განხორციელება, რომ დღეს ამ ფორმაზე და შინაარსზე გვესაუბრა და ასეთი გადაწყვეტილებები მიგვეღო. ფაქტობრივად იმ განვლილმა პერიოდმა შექმნა ბაზა იმისთვის, რომ დღეს ახალ ეტაპზე გადავსულიყავით. სოფლის მეურნეობის კომერციალიზაცია ეს არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ კონკურენტუნარიანი პროდუქცია შეიქმნას, იმპორტი ჩანაცვლდეს და ექსპორტზეც ადვილად გავიტანოთ. ამისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არის ხარისხი და ფასთან მიმართება, თუმცა ეს არ არის მხოლოდ ერთი ნაწილი. საოჯახო მეურნეობების გაძლიერება, ესაც არის პროგრამის ნაწილი, რომელზეც დამატებით მიდის მუშაობა და ცოტა ხანში ამასთან დაკავშირებითაც გვექნება პრეზენტაცია, რაც ნიშნავს იმას, რომ ფაქტობრივად ყველა ტიპის ფერმერთან მიმართებით გვაქვს შესაბამისი პროგრამები, რომლებიც სრულად დაფარავს და უზრუნველყოფს იმ მოთხოვნას, რაც დღეს ბაზარზე არის", - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.