პ რ ე ს რ ე ლ ი ზ ი
17 მაისი, 2007
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს პრესსამსახური
ტელ: 384798
ელ.ფოსტა: presscentre@mra.gov.ge
ვებ.გვერდი: www.mra.gov.ge
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა გიორგი ხევიაშვილმა ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა
[PUBLICITY.GE] თბილისი, 17 მაისი, 2007 - დღეს, 11:00 საათზე, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა გიორგი ხევიაშვილმა, ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც გაფორმდა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს, ქალაქ თბილისის მერიას, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შორის.
მემორანდუმის ფარგლებში აშენდება სამი ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი (2,000 მ2), რომლებშიც დროებით შესახლდებიან იძულებით გადაადგილებული პირები და სოციალურად დაუცველი ფენის წარმომადგენლები.
სახლები შედგება 19 ბინის (მთლიანობაში), სამი საერთო ოთახის (პირველ სართულზე), მეორე სართულზე განლაგებული ყველა ბინისათვის მცირე აივნებისა და სამი სარდაფისაგან (თითოეული სახლისათვის).
საცხოვრებელი ფართი ამ შენობებში განაწილდება შემდეგი შეფარდებით: 60% დაეთმობა იძულებით გადაადგილებულ პირებს, ხოლო 40% - სოციალურად დაუცველ ადგილობრივ მოსახლეობას.
შენობები აიგება თბილისში, ვარკეთილის მეორე მიკრორაიონში, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრის “სამგორის” ტერიტორიაზე, თბილისის მერიის საკუთრებაში არსებულ საკადასტრო ნაკვეთებზე.
იძულებით გადაადგილებული პირები ამ შენობებში იქამდე იცხოვრებენ, ვიდრე არ იქნება დაკმაყოფილებული ყველა ის პირობა, რომელიც აუცილებელია მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში მათი უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისათვის, ასევე, ვიდრე იარსებებს სახელმწიფოს მხრიდან ბენეფიციარების სოციალური დაცვის აუცილებლობა.
ამ შენობების მფლობელი და განმკარგველი იქნება ქალაქის მერია. შესაბამისად, ბენეფიციარებს არ ექნებათ ბინების ფლობის უფლება.
ბენეფიციარების შეარჩევს კომისია, რომელშიც ხელმომწერი მხარეების შესაბამისი წარმომადგენლები შევლენ.
პროექტი შეესაბამება ”იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიას”.
მემორანდუმის მონაწილე მხარეებს წარმოადგენენ გიორგი ხევიაშვილი- საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო, ლორენცო ამბერგი-შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო , გიგი უგულავა- ქალაქ თბილისის მერია, ლადო ჭიპაშვილი- საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო. ###