საქართველოში დევნილთა მსოფლიო დღე აღინიშნა
20 ივნისს საქართველოში დევნილთა მსოფლიო დღე აღინიშნა. ამ მოვლენასთან დაკავშირებით სასტუმრო თბილისი მარიოტში სპეციალური ღონისძიება და მრგვალი მაგიდა გაიმართა. ღონისძიება, საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთისა" (CHCA) და დანიის ლტოლვილთა საბჭოს (DRC) ორგანიზებით ჩატარდა.
შეხვედრას მრგვალი მაგიდის ფორმატი ჰქონდა და მასზე განიხილეს ისეთი მწვავე თემები, როგორიცაა „დევნილთა საარსებო წყაროები: საჭიროებები და მიგნებები".
დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღეს დევნილთა სათემო ორგანიზაციების, დევნილთა სფეროში მომუშავე ეროვნული და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლებმა, რომლებიც საქართველოში სწორედ ამ თემებზე მუშაობენ.
მრგვალი მაგიდის ფარგლებში, თემაზე მომუშავე ორგანიზაციების მიერ განხილული იქნა ისეთი საკითხები როგორიცაა: დევნილთა ამჟამინდელი მდგომარეობა საქართველოში, მათი საჭიროებები და გზები პრობლემის აღმოსაფხვრელად. ასევე სახელმწიფოსა და თემაზე მომუშავე მხარეების მაქსიმალური ჩართულობა დევნილთა საარსებო წყაროების გაზრდისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით. ამავე დღეს ცენტრი „აფხაზეთის" ბოლო კვლევის პრეზენტაციაც გაიმართა, რომელიც სწორედ პრობლემის შედეგებსა და საჭიროებებს ასახავს და უზუსტესად ასახავს დევნილთა ამჟამინდელ მდგომარეობას საქართველოში, მათ ძირეულ პრობლემებსა და დასაქმების მწვავე თემას.
დევნილთა კვირეულის ფარგლებში, რომელიც 18 ივნისიდან დაიწყო, ფონდი „აფხაზეთის" მიერ საქართველოს მასშტაბით ჩატარდა სხვადასხვა აქტივობები, როგორც დედაქალაქში, ასევე დევნილთა მსხვილ ჩასახლებებში. პირველი ღონისძიება ქალაქ ზუგდიდში გაიმართა და იგი გიგა ოთხოზორიას ხსოვნას მიეძღვნა. ზუგდიდში სოფელ ხურჩაში დაღუპული გიგა ოთხოზორიას სახოლების ფეხბურთის ტურნირი გაიმართა მინი ფეხბურთში და მისი სახელობის თასი ადგილობრივმა გუნდმა მოიგო.
დევნილთა მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ასევე აჭარაშიც გაიმართა. ბათუმში დევნილი პოეტის ვახტანგ შამუგიას პოეზიის საღამო და ახალგაზრდებთან საჯარო ლექცია ჩატარდა.