ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ევრობანკი საქართველოში „ჰილტონის“ პირველ სასტუმროს დააფინანსებს, რომლის კონცეფციასაც „რედიქსის“ ჯგუფი განავითარებს
11/09/2013

პრესრელიზი

11 სექტემბერი,2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
მზია შარაშიძე
საქართველო, თბილისი 0186
BCV, ვაჟა-ფშაველას 71, I სართ.
ტელ.: +995 32 2201122/Ext. 503
მობ.: +995 577 222727
ფაქსი:+995 32 2201122/Ext. 110
mzia.sharashidze@redix.ge
www.redix.ge

ევრობანკი საქართველოში „ჰილტონის" პირველ სასტუმროს დააფინანსებს, რომლის კონცეფციასაც „რედიქსის" ჯგუფი განავითარებს

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი („ევრობანკი") საქართველოს დედაქალაქ თბილისში საშუალო კლასის ახალი სასტუმროს, Hilton Garden Inn-ის მშენებლობას დააფინანსებს. შპს „ჭავჭავაძის 64" სესხის სახით 18.7 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს. მსესხებელ კომპანიას მართავს საქართველოში მოქმედი უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია „რედიქსი", რომელიც თავის მხრივ ბიზნესმენი ძმების, პაპაშვილების საკუთრებაა. ხუთშაბათს, 12 სექტემბერს, 17:00 საათზე, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის VIP დარბაზში ჩატარდება პრესკონფერენცია, რომლის შემდეგაც შედგება სამმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია „ევრობანკს", Hilton Worldwide-სა და „რედიქსს" შორის. პრესკონფერენციას დაესწრებიან: „ევრობანკი" - ბ-ნი ბრუნო ბალვანერა (Bruno Balvanera), დირექტორი - კავკასია, მოლდოვა და ბელორუსია; Hilton Worldwide - ბ-ნი მაიკ კოლინი (Mike Collini), ვიცე პრეზიდენტი - თურქეთი, რუსეთი და აღმოსავლეთი ევროპა და ბ-ნი ლაშა პაპაშვილი, „რედიქსის" გენერალური დირექტორი.

165-ნომრიანი, 14-სართულიანი სასტუმრო თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში, ჭავჭავაძის გამზირზე აშენდება, ქუჩაზე, სადაც ადგილობრივი ბანკებისა და ფინანსური ინსტიტუტების სათავო ოფისებია თავმოყრილი. Hilton Garden Inn-ი მსოფლიოში ცნობილი ბრენდის, Hilton Worldwide-ის პირველი სასტუმრო იქნება საქართველოსა და, ზოგადად, რეგიონში. მშენებლობა, სავარაუდოდ, 2016 წლისთვის დასრულდება.

„ევრობანკის" კავკასიის, მოლდოვასა და ბელორუსიის რეგიონული დირექტორის, ბ-ნი ბრუნო ბალვანერას აზრით: „ქვეყანას სჭირდება საშუალო კლასის ბაზრის გაფართოება. საუბარია იმ ტიპის სასტუმროებზე, რომლებიც მოგზაურ ბიზნესმენებს და საშუალო კლასის ტურისტებს ემსახურება. ამ კატეგორიის ადამიანები ქვეყანაში მეტად საჭირო ინვესტიციებს ახორციელებენ. აღნიშნული სეგმენტის დაინტერესების გარდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალ სასტუმროში დაინერგება გარემოს დაცვისა და ენერგოეფექტიანობის გაზრდისთვის აუცილებელი იმგვარი სტანდარტები, რომლებიც ბევრად უსწრებს წინ რეგიონში ამჟამად არსებულ ვითარებას".

„რედიქსის" გენერალური დირექტორი, ბატონი ლაშა პაპაშვილი დასძენს: „ევრობანკს" ქართულ პარტნიორ ბანკებთან ერთად უკვე დაფინანსებული აქვს „რედიქსის" ობიექტები: ბიზნესცენტრი „ტაბიძე 1" და მრავალფუნქციური კომპლექსი „BCV - ბიზნესცენტრი ვაჟაზე". სასიხარულოა, რომ „ევრობანკის" დახმარებით ჩვენ შევძლებთ კიდევ ერთი გეგმის განხორციელებას - სასტუმრო Hilton Garden Inn-ის მშენებლობას. ასეთი მაღალი კლასის საერთაშორისო ბრენდის შემოსვლა უდავოდ ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის სასტუმროების სექტორისთვის. ჩვენი მხრივ, ენერგიასა და რესურსს არ დავიშურებთ მართლაც საუკეთესო ხარისხის პროდუქტის შესაქმნელად".

ახალი პროექტის ტექნიკური ანალიზი განახორციელა და ენერგოეფექტიანობა შეაფასა იაპონიის მთავრობამ „ევრობანკთან" არსებული „ენერგეტიკის მდგრადი განვითარების" ინიციატივის ფარგლებში.

წაკითხულია: 2476