პრესრელიზი
21 ნოემბერი,2012
დაუყოვნებლივ გასავრცელებლად
ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობების განხილვა აღმოსავლეთ ევროპელ პარტნიორებთან
22 ნოემბერს საქართველოს ეწვევა დელეგაცია აღმოსავლეთ პარტნიორობის, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებიდან და პოლონეთიდან, რომლებიც ქართველ კოლეგებთან ერთად ევროკავშირთან ვიზის ლიბერალიზაციის საკითხებზე იმსჯელებენ.
შეხვედრა სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში" 22 ნოემბერს, ხუთშაბათს 10:00 საათზე დაიწყება.
შეხვედრაზე განიხილება ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა და ის გამოცდილება, რომელიც, ამ მიმართულებით დააგროვეს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებმა. კოალიცია, რომელიც აერთიანებს ორგანიზაციებს პოლონეთიდან, უკრაინიდან, მოლდოვადან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და საქართველოდან განიხილავს ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მონიტორინგის საკითხს და იმსჯელებს კოალიციის სტრატეგიაზე.
ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმას საქართველოს მთავრობას 2012 წლის დეკემბრის დასაწყისში გადასცემს ევროკომისარი შინაგან საქმეთა საკითხებში სესილია მალსტრომი.
სამოქმედო გეგმა უკვე გადაცემული აქვს მოლდოვას და უკრაინას. ამ ორი ქვეყნის არასამთავრობო ორგანიზაციები უკვე ახორციელებენ აღნიშნული დოკუმენტის მონიტორინგს. შეხვედრაზე საუბარი იქნება ამ სამოქმედო გეგმის მონიტორინგის ეფექტურ მეთოდებზე. შეხვედრის შედეგად შემუშავდება მოკლე ანალიტიკური დოკუმენტი, ეგრეთ წოდებული Policy Brief.
ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგს კოალიცია საქართველოსთვის გადაცემისთანავე გეგმავს.
სამოქმედო გეგმის საქართველოსთვის გადაცემა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის გზაზე მნიშვნელოვან ნაბიჯად მიიჩნევა.
###
შეხვედრაში მონაწილე ორგანიზაციები:
შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ უკრაინული არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ბარიერის გარეშე", შტეფან ბატორის ფონდი (პოლონეთი), განვითარებისა და სოციალური ინიციატივების ინსტიტუტი (მოლდოვა), მშვიდობის განვითარებისა და დემოკრატიის კავკასიური ინსტიტუტი (საქართველო), ეკონომიკური და სოციალური განვითარების ცენტრი (აზერბაიჯანი), გლობალიზაციისა და რეგიონალური განვითარების ანალიტიკური ცენტრი (სომხეთი), პასოსი (ღია საზოგადოების პოლიტიკის ასოციაცია- ჩეხეთი). საქართველოს მთავრობის, საქართველოში აკრედიტებული შენგენის ზონის წევრი ქევყნების საკონსულოების, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციისა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლები.