ევროკომისიის ჰუმანიტარული მისიისა და სამოქალაქო დაცვის დეპარტამენტის (ECHO) ფინანსური მხარდაჭერით არასამთავრობო ორგანიზაცია არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი პატარებს მორიგ საგანმანათლებლო ანიმაციას სთავაზობს
ევროკომისიის ჰუმანიტარული მისიისა და სამოქალაქო დაცვის დეპარტამენტის (ECHO) ფინანსური მხარდაჭერით
არასამთავრობო ორგანიზაცია არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი პატარებს მორიგ საგანმანათლებლო ანიმაციას სთავაზობს
გერმანული არასამთავრობო ორგანიზაცია არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი საქართველო (ASB Georgia) სკოლამდელი ასაკის ბავშვებსა და პედაგოგებს კატასტროფების თემაზე მომზადებულ საგანმანათლებლო ანიმაციას სთავაზობს. ანიმაციაში გაერთიანებულია სხვადასხვა ბუნებრივი კატასტროფები, შესაბამისი უსაფრთხოების ქცევის წესები ინკლუზიური მიდგომით, ასევე პირველადი დახმარების კომპონენტი და საგზაო უსაფრთხოების მარტივი ელემენტები, რომელიც უნდა გაითვალისწინოს და იცოდეს ბავშვმა სკოლამდელი ასაკიდან.
შემეცნებითი ტიპის ანიმაციის მთავარი მიზანია ბავშვებს 3 წლის ასაკიდან, მათთვის მარტივად აღსაქმელი ელემენტების გამოყენებით ასწავლოს და დაამახსოვროს, თუ როგორ მოიქცნენ სხვადასხვა ბუნებრივი კატასტროფების დროს, რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი რისკის ფაქტორი სხვადასხვა სიტუაციაში.
,,ჩვენი ორგანიზაციისთვის კატასტროფების რისკების შემცირების მიმართულება, ერთ-ერთი საკვანძო და პრიორიტეტულია. ამ ეტაპზე ბავშვებსა და მათ პედაგოგებს ახალ ანიმაციას - „პატარა მაშველების მოგზაურობა"-ს ვთავაზობთ, რომელიც კომპლექსურად გადმოსცემს ძირითად მიმართულებებს. ანიმაციით ვცდილობთ მარტივად ავუხსნათ სკოლამდელი ასაკის ბავშვებს ის აუცილებელი წესები, რომელიც მნიშვნელოვანია გაითვალისწინონ ბუნებრივი მოვლენის დროს. ორგანიზაცია უახლოეს პერიოდში კატასტროფების რისკების თემაზე კიდევ უფრო მასშტაბურ პროექტს დაიწყებს, სადაც პატარების გარდა ვეცდებით უკვე მოზრდილებსაც შევასწავლოთ ის მარტივი ელემენტები და ქცევის წესები, რაც მნიშვნელოვანია რისკების შესამცირებლად". - განაცხადა პროექტის კოორდინატორმა თეონა ჯულუხაძემ.
ანიმაციური ფილმი „პატარა მაშველების მოგზაურობა" ევროკომისიის ჰუმანიტარული მისიისა და სამოქალაქო დაცვის დეპარტამენტის (ECHO) ფინანსური მხარდაჭერით პროექტის ,,ჩვენ მზად ვართ! კატასტროფის რისკის შემცირება საქართველოს საბავშვო ბაღებში" ფარგლებში მომზადდა. პროექტი განხორციელდა გერმანული საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია არბაითერ-სამარიტერ-ბუნდის მიერ. ახალი ანიმაციური ფილმი ინოვაციური მიდგომაა კომპლექსურად მიაწოდოს ინფორმაცია კატასტროფების რისკების შემცირების თაობაზე, როგორც პედაგოგებს ისე ბავშვებს, ხოლო პედაგოგებმა გამოიყენონ მასალა სწავლების დროს. ორგანიზაციას უკვე მომზადებული აქვს ორი მოკლე ფორმატის ანიმაცია, რომელიც ასევე საგანმანათლებლო ხასიათისაა, ხოლო უახლოეს პერიოდში მობილური აპლიკაციაც გახდება ხელმისაწვდომი დაინტერესებული აუდიტორიისთვის.
ანიმაციის ლინკი:
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ორგანიზაციის ოფიციალურ ვებ-გვერდს www.asb.ge. +995 32 2 29 00 06 ; info@asb.ge