პრესრელიზი
20 მაისი, 2008
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია: სააქციო საზოგადოება "ბაზისბანკი" -
ეკა კაპანაძე, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.
ტელ:922 922; +334; ელ-ფოსტა eka.kapanadze@basisbank.ge
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ბაზისბანკის აქციონერი გახდა
[PUBLICITY.GE]თბილისი, 20 მაისი, 2008 - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (იბიარდი) ბაზისბანკის აქციათა 15%-იანი პაკეტის მფლობელი გახდა. ამასთან დაკავშირებით ხელშეკრულება მხარეებს შორის კიევში, იბიარდის ყოველწლიურ შეკრებაზე, 19 მაისს გაფორმდა.
ხელშეკრულების თანახმად, იბიარდს ეყოლება თავისი წარმომადგენელი ბაზისბანკის აქციონერთა საბჭოში. ხოლო ევროპული ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია გაამყარებს ბაზისბანკის კაპიტალს და ამასთან, მის შემდგომ ზრდასაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. ბაზისბანკის ინსტიტუციონალურ განვითარებასთან დაკავშირებით იბიარდის მიერ შემუშავებული სამწლიანი გეგმა საშუალებას მისცემს ბანკს კიდევ უფრო განავითაროს მისი საქმიანობა და კორპორატიული მმართველობა.
როგორც იბიარდის ბიზნესჯგუფის დირექტორმა კურტ გეიზერმა განაცხადა, ბაზისბანკში აქციების პაკეტის შეძენა იქნება იბიარდის ერთადერთი ინვესტიცია ქართულ ბანკებში, რომელიც სტრატეგიული ინვესტორის გარეშე განხორციელდება. “ამ ნაბიჯით ჩვენ ხელს ვუწყობთ საშუალო ზომის კერძო ბანკის განვითარებას და კონკურენციის ზრდას საქართველოს საბანკო სექტორში”.
ბაზისბანკის გენერალური დირექტორი ზურაბ ციხისთავი: “გასული წლიდან მოყოლებული, ჩვენ ჩამოგვიყალიბდა შესანიშნავი პარტნიორული ურთიერთობა იბიარდისთან. მოხარული ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა აქციათა პაკეტის შესყიდვით გრძელდება. იბიარდის უდიდესი გამოცდილება საბანკო სფეროში მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი ბანკის შემდგომ განვითარებას.”
ბაზისბანკისა და იბიარდის თანამშრომლობა 2007 წელს დაიწყო. ბაზისბანკი იყო პირველი ქართულ ბანკებს შორის, რომელმაც 6-მილიონიანი საკრედიტო ხაზი მიიღო მცირე და საშუალო საწარმოების დასაფინანსებლად. მასვე ერგო მილიონიანი საკრედიტო ხაზი საგარეო ვაჭრობის ხელშესაწყობად იბიარდის პროგრამის ფარგლებში.
„აქციათა 15-პროცენტიანი პაკეტის შესყიდვის შემდეგ, იბიარდი გეგმავს საკმაოდ გაჯერებულ ქართულ ბაზარზე გაამყაროს ჩვენი, როგორც დამოუკიდებელი კონკურენტის პოზიციები. დიდი ისტორიის, სტაბილური და გამჭირვალე საკუთრების და ფილიალების ფართო ქსელის გათვალისწინებით ჩვენ უეჭველად გვაქვს საიმედო პლატფორმა შემდგომი ზრდისათვის“ აცხადებენ ბაზისბანკში.
ბაზისბანკი დაარსდა 1993 წელს და მას შემდეგ წარმატებით მოღვაწეობს ქართულ საბანკო სექტორში. ეს არის უნივერსალური ბანკი, რომელიც კვალიფიციურ მომსახურებას სთავაზობს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს.
###