ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
30/03/2022
ელენე ხოშტარიას ბრიფინგი ოკუპირებული ტერიტორიებიდან საქართველოს მოქალაქეების უკრაინა-რუსეთის ომში იძულებით ჩართვის შესახებ

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ბოლო დღეებში ვრცელდება საგანგაშო ინფორმაცია, რომ რუსი ოკუპანტები და მათი საოკუპაციო რეჟიმები უკრაინაში, რუსულ აგრესიასა და ბოროტმოქმედებაში, რთავენ იქ მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს. უკვე ვნახეთ კადრები როგორ გაჰყავს რუსეთს ტექნიკა უკრაინაში ოკუპირებული ტერიტორიებიდან. ასევე მოდის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გაჰყავთ ადამიანებიც. ადგილობრივ მოსახლეობას აქვს შიში, რომ მალე ომში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჩვენი მოქალაქეების გაწვევა სავალდებულო გახდება. ეს კატეგორიულად მიუღებელია, როგორც საერთაშორისო ისე ჩვენი სახელმწიფოს სამართლის და ასევე ადამიანურ დონეზე.

პირველ რიგში, მინდა, მივმართო ყველას, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ თანამოქალაქეებს. არ აქვს მნიშვნელობა, რა ურთიერთობა გვაქვს ახლა, საქართველოს არცერთი მოქალაქე არ გვემეტება საზარბაზნე ხორცად და რუსეთის ამ ბოროტმოქმედებაში მონაწილეობის მისაღებად. ეს ომი და ბოროტება სამართლიანად, რუსეთისათვის ძალიან მძიმედ, დასრულდება, ეს დაასვამს უდიდეს დაღს ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ამაში მიიღებს მონაწილეობას.
ამიტომ მივმართავ აბსოლუტურად ყველა ადამიანს, მშობელს დაფიქრდით, რა გავლენას მოახდენს თქვენზე ამ ბოროტებაში თანამონაწილეობა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ძალიან ბევრ ადამიანს ეს არ უნდა. მათ უნდა იცოდნენ, რომ ჩვენს ტერიტორიაზე, საქართველოში, მათი უფლებები იქნება დაცული.
რაც შეეხება საერთაშორისო სამართლებრივ განზომილებას, ეს არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 (წამებისა და არადაამიანური მოპყრობის აკრძალვა); მე-4 (მონობისა და იძულებითი შრომის აკრძალვა) და მე-5 (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება) მუხლების დარღვევა. ანუ შეგვიძლია, კონკრეტული საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმი ავამოქმედოთ, მივმართოთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და დავიცვათ მათი უფლებები. გარდა იმისა, რომ მათ ჩვენს ტერიტორიაზე უნდა შევთავაზოთ მათი უფლებების დაცვა.
გამაოგნებელია, რომ ჩვენი სახელმწიფო, რომელიც თითქოსდა გმობს ომს, პარალელურად ხმას არ იღებს ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ მსგავსი დანაშაულებრივი და ძალადობრივი შესაძლო ქმედებების შესახებ.
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ომში იძულებით ჩართვა, რუსეთის მხრიდან უმძიმესი დანაშაულია. რუსეთი ამ ომში აუცილებლად დამარცხდება და ჩვენ, უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალიდან, საქართველოს მოქალაქეები არ იყონ ჩართული ამ ბოროტებაში.

ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 1082