ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
30/09/2026
ვაშლის მწარმოებლებთან და ექსპორტიორებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ლაშა დოლიძე და ლაშა ავალიანი ვაშლის მწარმოებლებსა და ექსპორტიორებს შეხვდნენ. შეხვედრაზე ვაშლის რეალიზაციისა და ექსპორტის მიმართულებით არსებული მდგომარეობა, დარგში არსებული საჭიროებები და სამომავლო განვითარების შესაძლებლობები განიხილეს.

შეხვედრაზე ვაშლის მწარმოებლებმა ყურადღება გაამახვილეს არასტანდარტული, ე.წ. „ნაქარი" ვაშლის რეალიზაციის საკითხზე.

„ვაშლის მწარმოებლებთან ვისაუბრეთ წლევანდელ მოსავალზე, დარგში არსებულ მდგომარეობაზე, გამოწვევებსა და განვითარების შესაძლებლობებზე. განვიხილეთ არაერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, მათ შორის, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება, მუშახელის საკითხი, მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოება და არასტანდარტული ვაშლის რეალიზაცია. ასევე, ვისაუბრეთ ვაშლის ექსპორტის შესაძლებლობებზე და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების მნიშვნელობაზე. შევთანხმდით, რომ თანამშრომლობას აქტიურად გავაგრძელებთ იმ მიმართულებებით, რომლებიც ხელს შეუწყობს დარგის განვითარებას, წარმოებული პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებას და საბოლოოდ, ვაშლის მწარმოებლებისთვის მეტი შემოსავლის მიღებას", - განაცხადა ლაშა დოლიძემ.

აღსანიშნავია, რომ ვაშლი საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო სასოფლო-სამეურნეო პროდუქტია. ბოლო მარკეტინგულ წელს ვაშლის ექსპორტის როგორც რაოდენობა, ისე ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2025/2026 მარკეტინგულ წელს საქართველოდან ექსპორტირებულია 24.6 ათასი ტონა ვაშლი, 18.6 მლნ აშშ დოლარის ღირებულებით. გასული წლის მარკეტინგულ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ვაშლის რაოდენობა 36%-ით (6.5 ათასი ტონა), ხოლო ღირებულება 63%-ით (7 მლნ აშშ დოლარი) გაიზარდა. 1 კგ ვაშლის საშუალო საექსპორტო ფასი 0.75 აშშ დოლარია. ვაშლის ძირითადი საექსპორტო ქვეყანა რუსეთია, სადაც 23 ათასი ტონა ვაშლი გავიდა. ამასთან, 1 037 ტონა ვაშლი ექსპორტირებულია თურქეთში, 170 ტონა - ბელარუსში, 147 ტონა - სომხეთში, ხოლო დანარჩენი - სხვა ქვეყნებში.


მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან 27 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოდან ექსპორტირებულია 381 ტონა ვაშლი, 301 ათასი აშშ დოლარის ღირებულებით. 1 კგ ვაშლის საშუალო საექსპორტო ფასი 0.79 აშშ დოლარია, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 2%-ით მეტია.


 


 

ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 14