თბილისი მოლში განთავსებულ ყუთში ინდონეზიური წარმოშობის ვეფხვი - Porsche Macan აღმოჩნდა
პრესრელიზი
7 აპრილი,2014
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
დიანა ველენგურსკაია
პიარ კლუბის თანადამფუძნებელი
მობ: 5 99 474854
D.Velengurskaia@tegetamotors.ge
თბილისი მოლში განთავსებულ ყუთში ინდონეზიური წარმოშობის ვეფხვი - Porsche Macan აღმოჩნდა
უზარმაზარი ყუთი, რომელიც 16 დღის განმავლობაში თბილისი მოლში იყო განთავსებული, გაიხსნა და მასში ყველასთვის მოულოდნელად Porsche Macan - Porsche-ს ახალი ავტომობილი აღმოჩნდა. ახალი მოდელის პრეზენტაცია და სპეციალური შოუ-პროგრამა ყველა დაინტერესებული მაყურებლის წინაშე თბილისი მოლის ცენტრალურ ატრიუმში გაიამართა.
მანქანის სახელი - Macan ინდონეზიური წარმოშობისაა და "ვეფხვს" ნიშნავს. სწორედ ამიტომ, „პორშე ცენტრი თბილისის" მარკეტინგული კამპანია „ინდონეზიური ვეფხვის" საქართველოში ჩამოყვანის თემაზე აიგო და მომხმარებლისთვის ყუთის გახსნის დღემდე საიდუმლოდ რჩებოდა. კომპანიის მიერ ანონიმურად გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ყუთი გერმანიიდან თბილისში, სპეციალური ამანათის სახით ჩამოვიდა და მასში ინდონეზიური წარმოშობის ვეფხვი ბინადრობდა. 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, ყუთთან მიახლოების დროს გაღიზიანებული ვეფხვის ღრიალი ისმოდა, სოციალურ ქსელებში კი, კამპანიის ორგანიზატორების მიერ, სხვადასხვა ანონიმური ვიდეო მასალაც გავრცელდა, სადაც კარგად ჩანს ყუთთან ხორცის ნაჭრით მიახლოებისა და თბილისი მოლში მოსიარულე ნამდვილი ვეფხვის რეალური კადრები.
Macan-ი Porsche-ს პირველი ავტომობილია კომპაქტურ SUV სეგმენტში. ის აერთიანებს მართვის იმ ძირითად მახასიათებლებს, რომლებიც Porsche-მ დასაწყისშივე გამოავლინა: აჩქარების მაქსიმალური სიჩქარე და მძლავრი მუხრუჭები, მძლავრი ძრავა, მოქნილობა და ოპტიმალური მართვის სიზუსტე.
ავტომობილის მრავალ დეტალში იკვთება მისი ველური ხასიათი. ექსტერიერი ორი სიტყვით რომ შევაჯამოთ, დაბალი და განიერია, როგორც ეს სპორტული ავტომობილებისთვისაა დამახასიათებელი. დიზაინში მაშინვე შეიმჩნევა ვეფხვისებური სვლა. მისი ბრტყელი და განიერი პროფილი გზაზე საუცხოოდ გამოიყურება.
Macan გერმანიაშია დამზადებული, ლაიფციგის ქარხანაში. Porsche-მ ამ ქარხანაში 500 მილიონი ევროს ინვესტიცია დააბანდა და შექმნა მთელი საწარმოო ხაზი, რომელიც წელიწადში 50 000 მანქანას გამოუშვებს. დღეისთვის Macan-ის 3 მოდიფიკაცია იწარმოება: Macan S, Macan S Diesel და Macan Turbo.
აღსანიშნავია, რომ პრეზენტაციის დროს წარმოდგენილი მოდელი - Macan Turbo, ყველაზე მძლავრი მანქანაა compact SUV სეგმენტში. მას აქვს 3,6 ლიტრიანი biturbo ძრავა, რომელიც Porsche-ს სამოდელო რიგში პირველად არის გამოყენებული. 400 ცხენისძალის სიმძლავრის მქონე ძრავის მეშვეობით 0-დან 100 კმ სიჩქარეს 4,8 წამში აღწევს; Sport Chrono package-ის გამოყენების შემთხვევაში კი - 4,6 წამში. ავტომობილი 100 კმ-ზე 9,2 - 8,9 ლიტრ საწვავს მოიხმარს.
აღსანიშნავია, რომ მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში გადაღებული ერთ-ერთი ვიდეომასალის მთავარი გმირის, თბილისის ზოოპარკიდან მიწვეული ვეფხვის ბოკვერის მზრუნველობა და პატრონაჟი „პორშე ცენტრ თბილისმა" საკუთარ თავზე აიღო, მადლობის ნიშნად კი თბილისის ზოოპარკმა ბოკვერს სახელად Macan-ი დაარქვა.