პრესრელიზი
12 თებერვალი,2015
დაუყოვნებლივ გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია
თბილისის ზოოპარკი
საქართველო, თბილისი 0171
მ. კოსტავას გამზ. #64.
ტელ.: (+995 32) 233 29 01
მობ.: (+995 595) 33 35 72
ფაქსი: (+995 32) 221 30 50
www.zoo.ge
ვალენტინობა თბილისის ზოოპარკში
14 თებერვალს თბილისის ზოოპარკში ვალენტინობის დღესასწაული აღინიშნება. წმინდა ვალენტინის, ანუ სიყვარულის დღეს მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ზოოპარკში ხვდებიან. თბილისის ზოოპარკში სიყვარულის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება წელს პირველად ჩატარდება. ამ დღესთან დაკავშირებით თითოეული განყოფილებიდან თითო წყვილი შეირჩა: სპილოები, თეთრი ლომები, პინგვინები, ჰამადრილები და კობრები. ღონისძიებისთვის სადღესასწაულოდ მოირთვება მათი ვოლიერები. 13:00-დან 18:00 საათამდე ზოოპარკში მისულ დამთვალიერებლებს ამ ცხოველების გარემოს გამდიდრების სახალისო სანახაობაზე დასწრების შესაძლებლობა ექნებათ.
ღონისძიების განრიგი:
13:00 _ პრიმატების განყოფილება: ჰამადრილები;
14:00 _ ჩლიქოსნების განყოფილება: სპილოები _ გრანდი და მალკა;
15:00 _ მტაცებლების განყოფილება: თეთრი ლომები _ სემუელი და კლეოპატრა;
16:00 _ ფრინველების განყოფილება: პინგვინები;
17:00 _ ეგზოტარიუმი: მონოკლის კობრები.
ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით თბილისის ზოოპარკის ოფიციალურ Facebook გვერდზე გამოცხადებული იყო ფოტოკონკურსი. 14 თებერვალს გამოიფინება წარმოდგენილი საკონკურსო ნამუშევრები და შედგება გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია.
„ცხოველთა გარემოს გასამდიდრებლად ზოოპარკში სისტემატურად ტარდება ე.წ. „ენრიჩმენტი". ეს მეცნიერული ტერმინია, რომელიც გულისხმობს ცხოველის ყოფის გამრავალფეროვნებას ზოოპარკის პირობებში. არსებობს „ენრიჩმენტის" რამდენიმე ფორმა: კვებითი, ყნოსვითი, სოციალური, და ა.შ. 14 თებერვალს ზოოპარკის დამთვალიერებელს კვებითი „ენრიჩმენტის" პროცესს დავასწრებთ. ამ დროს ჩვენს ბინადრებს განსხვავებული ფორმით მივაწვდით საკვებს, თანაც სიყვარულის დღისთვის შესაფერის დეკორაციებსაც გამოვიყენებთ. ასე რომ, ვფიქრობთ, საინტერესო სანახაობა იქნება", _ აცხადებს თბილისის ზოოპარკის დირექტორი, ბ-ნი ზურაბ გურიელიძე.
ზოოპარკის სტუმრებს ვალენტინობის ღონისძიების გმირებისთვის საჩუქრების მოტანაც შეუძლიათ (რბილი, პლასტმასის ან ხის სათამაშოები, ბურთები, დიდი ზომის ფიგურები ან კუბები). ვოლიერების წინ განთავსდება ლამაზად გაფორმებული სასაჩუქრე ყუთები, სადაც დამთვალიერებლები მოტანილი საჩუქრების ჩალაგებას შეძლებენ