ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
11/04/2019
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
ინოვაციური ნაბიჯი მედიცინასა და ბიოლოგიაში - ქართველი მოსწავლეების გამოგონება
ახალი და ინოვაციური ნაბიჯი მედიცინასა და ბიოლოგიაში - ეს ბარნის „სმარტ“ ლაბირინთია, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს, შევამოწმოთ ახალი მედიკამენტის გავლენა მეხსიერებაზე და დავადგინოთ, თუ რა ტიპის მეხსიერება აქვს საკვლევ ობიექტს. ახალი გამოგონების ავტორები მოსწავლეები არიან, რომლებმაც პირველ წარმატებას უკვე მიაღწიეს და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ ორგანიზებული ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ.
„ამ იდეის გარშემო ერთ-ერთ უნივერსიტეტში სტუმრობის შემდეგ გავერთიანდით, სადაც ბიოლოგებმა გვაჩვენეს ბარნის ლაბირინთზე ჩატარებული ცდები და აგვიხსნეს, თუ რამდენად დიდი შრომის გაწევა იყო საჭირო შედეგების მისაღებად. ამის შემდეგ, გადავწყვიტეთ ავტომატიზებული გაგვეხადა ბარნის ლაბირინთი. მოგეხსენებათ, დაავადებები როგორ სწრაფად ვრცელდება, მათ აღმოსაფხვრელად დრო ცოტაა, ამიტომაც გადავწყვიტეთ, შეგვექმნა ისეთი რამ, რაც გააადვილებდა კვლევებს და ზუსტ და მარტივ შედეგს მოგვცემდა,“- იხსენებს მარიამ გამრეკელაშვილი.
ასე შეიქმნა გუნდი „ობერტონი“: სოფიო ჩიხლაძე (გივი ზალდასტანიშვილის ამერიკული აკადემია), მარიამ გამრეკელაშვილი, გიორგი რიგიშვილი, ალექსანდრე ქაჯაია (სკოლა აია-ჯესს) და იონა იობიძე (ქუთაისის სკოლა პროგრესი) ერთი მიზნის გარშემო გაერთიანდნენ, სოფიო ჩიხლაძე ამბობს, რომ კონკურსში მოპოვებული გამარჯვება მათ მოტივაციას მისცემს, იფიქრონ სხვა პროექტებზეც და შექმნან პროექტები, რომელიც ადამიანებს დაეხმარება.
„სამომავლოდ, თუ იქნება დაინტერესება, ვაპირებთ კონკრეტულ ლაბორატორიებში დავნერგოთ ჩვენი მოწყობილობა და იქაურ პირობებს მოვარგოთ სტაციონარული სახით, რომ უკვე მეცნიერებმა გასმოცადონ ბარნის სმარტ ლაბირინთი,“- ამბობს სოფიო ჩიხლაძე.
გუნდი ახლა NASA- ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტში გასამგზავრებლად ემზადება, სადაც 1 კვირიან სასწავლო პროგრამას გაივლიან. პროგრამა, სასწავლო კომპონენტის გარდა, მოიცავს NASA-ს მუზეუმების, გამოფენების დათვალიერებას და ვიზიტს ისეთ ცენტრებსა და ლაბორატორიებში, რომლებიც დახურულია ვიზიტორებისთვის.
„კონკურსის ექსპერტთა კომისიის გადაწყვეტილებით გამოვავლინეთ მოსწავლეებისგან შემდგარი სამი ინოვატორი გუნდი, რომელიც სხვადასხვა პრიზით დავაჯილდოვეთ. პირველ ადგილზე გასული გუნდი გაემგზავრება NASA-ში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საზაფხულო პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას“, – განაცხადა „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, მაგდა მაღრაძემ.
ჯილდოს გარეშე არ დარჩენილან არც მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები- ისინი საინჟინრო და ტექნოლოგიურ საერთაშორისო ბანაკებში მიიღებენ მონაწილეობას.
კონკურსი აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ტარდება. საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი როს უილსონი ამბობს, რომ 21- ე საუკუნეში წარმატების მისაღწევად, ინჟინერიის, ტექნოლოგიებისა და საბუნებისმეტყველო მიმართულებით უნარების განვითარება მნიშვნელოვანია.
„სწორედ ამიტომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს ამ პროექტს, რომელიც გახლავთ უფრო ფართო მხარდაჭერის ნაწილი და ემსახურება საქართველოს დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას,“- აცხადებს როს უილსონი.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ორგანიზებით ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი უკვე მეხუთე წელია წარმატებით ტარდება. წელს კონკურსში მონაწილეობა 400-მდე მოსწავლემ მიიღო. კონკურსის საბოლოო, მესამე 13 გუნდი გადავიდა. წელს კონკურსის პარტნიორია თიბისი, ტექნოლოგიური მეგობარი - სილქნეტი.
ორგანიზაციის შესახებ
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი ემსახურება ახალგაზრდებში ინოვაციური იდეებისა და პროექტების განხორციელების წახალისებას საბუნებისმეტყველო მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში, რაც გაზრდის მათ მოტივაციას აღნიშნულ დისციპლინებში და ხელს შეუწყობს ქვეყანაში, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში, ახალ მიღწევებს.
წაკითხულია: 2709