იურიდიული დახმარების სამსახური ერთ-ერთ ყველაზე გამჭვირვალე ორგანიზაციად დასახელდა
პრესრელიზი
12 აპრილი, 2012
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
გიორგი სელიმაშვილი, PR მენეჯერი
მობ: +995 (599) 42-77-37;
ტელ: +995 (32) 292-00-55;
ელ-ფოსტა:gselimashvili@legalaid.ge
საიტი: www.legalaid.ge /www.facebook.com/legalaid.ge
იურიდიული დახმარების სამსახური ერთ-ერთ ყველაზე გამჭვირვალე ორგანიზაციად დასახელდა
[PUBLICITY.GE] თბილისი, 12 აპრილი, 2012 - იურიდიული დახმარების სამსახური ერთ-ერთი ყველაზე ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე საჯარო დაწესებულებაა. ამის შესახებ ცნობილი გახდა ”საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის” ანგარიშიდან, რომელიც ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) დღეს წარმოადგინა. ანგარიშის პრეზენტაციას სახელმწიფო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
საჯარო დაწესებულებათა გამჭვირვალობის ხარისხის დადგენის მიზნით, 2011 წელს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI ) სამინისტროებს, სსიპ-ებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს საჯარო ინფორმაციის მიწოდების თხოვნით პერიოდულად მიმართავდა, მიღებულ მონაცემებს ამუშავებდა და მონაცემთა ბაზაში, opendata.ge -ზე ათავსებდა.
იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის ირაკლი კობიძის ინფორმაციით, სამსახურმა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ყველა მომართვას კანონით დადგნილი ვადებისა და პროცედურების დაცვით უპასუხა. IDFI-სთვის მიწოდებულ მონაცემებს შორისაა ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომელთა რაოდენობის, გაცემული ხელფასებისა და პრემიების, ასევე სხვადასხვა ხარჯებისა და განხორციელებული შესყიდვების შესახებ. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და გამჭვირვალე საქმიანობისათვის, იურიდიული დახმარების სამსახურს დღეს სპეციალური ჯილდოც გადაეცა.
იურიდიული დახმარების სამსახური სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირია. სამსახურში დასაქმებულია 100-ზე მეტი მაღალკვალიფიციური იურისტი, რომელიც მოსახლეობას უფასო საადვოკატო მომსახურება და სამართლებრივ კონსულტაციებს უწევს.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ”საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის - opendata.ge-ს” პროექტს, ფონდ ,,ღია საზოგადოება - საქრთველოს’’ დაფინანსებით, ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს საჯარო უწყებების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხის ამაღლებას, ასევე საჯარო დაწესებულებებზე საზოგადოებრივი კონტროლის გაუმჯობესებას.
###