პრესრელიზი
20 მაისი, 2008
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი: გიორგი სელიმაშვილი
იურიდიული დახმარების სამსახურის
საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი
ტელ: (+995 32) 75 82 97; 98 84 93
მობ: 899 42 77 37
ელ-ფოსტა: gselimashvili@legalaid.ge
ვებგვერდი: www.legalaid.ge
იურიდიული დახმარების სამსახურმა ოზურგეთში საკონსულტაციო ცენტრი გახსნა
[PUBLICITY.GE] თბილისი, 20 მაისი, 2008 - 19 მაისს ოზურგეთში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა. ოფისი განთავსებულია გურიის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში (კოსტავას ქ.№1).
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: იუსტიციის მინისტრის მოადგილე მაია კოპალეიშვილი, იურიდიული დახმარების სამსახურის ხელმძღვანელი რუსუდან ტაბატაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ოზურგეთში განხორციელდა კიდევ ერთი პროექტი, რომელიც მოქალაქეთა მომსახურებაზეა ორიენტირებული. „იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრის გახსნა ადგილობრივ მოსახლეობას საშუალებას მისცემს, უკეთ დაიცვას საკუთარი ინტერესები სასამართლოსა თუ სხვა უწყებებში. ასეთი ოფისები უკვე ბევრ რაიონშია გახსნილი და მომავალში იურიდიული დახმარების სამსახურის სამოქმედო არეალი კიდევ უფრო გაფართოვდება", - განაცხადა მაია კოპალეიშვილმა.
იურიდიული დახმარების სამსახურის ხელმძღვანელის რუსუდან ტაბატაძის თქმით კი, ოზურგეთის ახალშემქნილ საკონსულტაციო ცენტრში დასაქმებულია კონკურსის წესით შერჩეული ორი კონსულტანტი. „ისინი ყველა დაინტერესებულ მოქალაქეს უფასო სამართლებრივ დახმარებას გაუწევენ და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის დოკუმენტებსაც მოუმზადებენ", - აღნიშნა ტაბატაძემ.
უახლოეს მომავალში ასეთივე საკონსულტაციო ცენტრის გახსნა ამბროლაურში იგეგმება.
იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში იურიდიული დახმარების სამსახური 2007 წლის ივლისში ჩამოყალიბდა. სამსახურის ბიუროები უკვე მოქმედებს თბილისში, აჭარაში, სამეგრელოს, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, კახეთისა და იმერეთის რეგიონებში.
###