პრესრელიზი
12 დეკემბერი, 2008
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი: გიორგი სელიმაშვილი
იურიდიული დახმარების სამსახურის PR-მენეჯერი
ტელ: 93 20 90; 98 84 93
მობ: 899 42 77 37
ელ-ფოსტა: gselimashvili@legalaid.ge
ვებგვერდი: www.legalaid.ge
იუსტიციის სამინისტრო იურიდიული დახმარების სამსახურის შესახებ კანონპროექტს მოამზადებს
[PUBLICITY.GE] თბილისი, 12 დეკემბერი, 2008 - , იუსტიციის სამინისტრო სახელმწიფო ორგანოთა სისტემაში იურიდიული დახმარების სამსახურის ადგილის განსაზღვრის მიზნით კანონპროექტზე მუშაობას დაიწყებს. ამის თაობაზე იუსტიციის სამინისტროში გუშინ გამართულ სამუშაო შეხვედრაზე შეთანხმდნენ.
გუშინდელ დისკუსიაში, რომელსაც იუსტიციის მინისტრის მოადგილე მაია კოპალეიშვილი უძღვებოდა, აქტიურად მონაწილეობდნენ: საქართველოს პარლამენტის, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრის, ევროკომისიის, გაეროს განვითარების პროგრამის, გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის, ამერიკის იურისტთა ასოციაციის (ABA) და ნორვეგიის კანონის უზენაესობის მრჩეველთა მისიის (NORLAG) წარმომადგენლები.
სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა განსაზღვრეს კანონპროექტის ძირითადი პრინციპები. კერძოდ, იურიდიული დახმარების სამსახურის შემდგომი საქმიანობისა და განვითარებისათვის ოპტიმალურ ვარიანტად მიჩნეულ იქნა მოდელი, რომელიც ამ სამსახურის, სასჯელაღსრულების დეპარტამენტსა და პრობაციის ეროვნულ სამსახურთან ერთად, ახალი სამინისტროს სისტემაში მოქცევას გულისხმობს. გადაწყდა, რომ საზოგადოებრივი ნდობის შენარჩუნების მიზნით, კანონპროექტის შედგენისას იმსჯელებენ ახალი სამინისტროს სახელწოდებაზეც, რომელშიც იურიდიული დახმარების მიმართულებაც აისახება. სახელწოდების ერთ-ერთ ვერსიად „გამასწორებელი და იურიდიული დახმარების სამინისტრო" განიხილება. კანონპროექტის პრიორიტეტული ამოცანა კი, იურიდიული დახმარების სამსახურისათვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის შენარჩუნებასთან ერთად, სამსახურის დამოუკიდებლობის გარანტიების, საზოგადოებრივი ნდობისა და საზოგადოებრივ ადვოკატად დანიშვნისთვის დღეს მოქმედი წინაპირობების შენარჩუნებაა.
იუსტიციის სამინისტროს იურიდიული დახმარების სამსახური მოქალაქეებს უფასო საადვოკატო მომსახურებასა და სამართლებრივ კონსულტაციას უწევს. სამსახურის ადგილის განსაზღვრის საკითხი დღის წესრიგში დადგა მას შემდეგ, რაც საქართველოს პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ საქვეუწყებო დაწესებულებად ჩამოყალიბდა. კანონის თანახმად იურიდიული დახმარების სამსახურის ადგილი სახელმწიფო ორგანოთა სისტემაში 2009 წლის მარტისათვის უნდა განისაზღვროს.
###