14 მაისი, 2009
[PUBLICITY.GE] თბილისი, 14 მაისი, 2009 - საქართველოს საინფორმაციო ტექნოლოგიების ლიდერი კომპანია იუ-ჯი-თი პირველი ქართული კომპანიაა, რომელმაც კორპორაცია VMware-ის კორპორატიული პარტნიორის (Enterprise Partner) სტატუსი მიიღო. VMware მსოფლიო ლიდერია ვირტუალური ინფრასტრუქტურის შექმნის სფეროში. მან ერთ-ერთმა პირველმა შეიმუშავა ვირტუალიზაციის პლატფორმები. VMware-ს პროდუქცია და გადაწყვეტილებები გამოიყენება ორგანიზაციის გამოთვლითი სისტემების მუშაობის ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად, ხარჯების შესამცირებლად და სისტემების საიმედობისა და უსაფრთხოების ამაღლების მიზნით. დღეისათვის VMware ჰყავს 100 ათასზე მეტი კლიენტი მსოფლიო მასშტაბით და იგი ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ კომპანიადაა აღიარებული.
ვირტუალიზაციის მიმართულება საინფორმაციო ტექნოლოგიების ბაზარზე არსებული ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მიმართულებაა. ვირტუალურ ტექნოლოგიებზე გადასვლა საშუალებას აძლევს კომპანიებს მნიშვნელოვნად შეამცირონ ახალი სერვერების შეძენასთან, ელექტროკვებასთან, აპარატურის გაგრილებასთან და ფართის ქირაობასთან დაკავშირებული ხარჯები. უფრო მეტიც, ქსელის ადმინისტრირებისათვის საჭირო ხარჯების შემცირებასთან ერთად უმჯობესდება საიმედოობა, შეფერხებებისადმი მდგრადობა და ბიზნეს დანართების ხელმისაწვდომობა. კორპორაცია VMware-ის პროგრამული გადაწყვეტილებების ბაზაზე, იუ-ჯი-თის კლიენტები შეძლებენ განახორციელონ ვირტუალიზაციის ამოცანები პერსონალური კომპიუტერებით დაწყებული და მონაცემთა დამუშავების ცენტრებით დამთავრებული.
VMware Enterprise Partner სტატუსი ადასტურებს იუ-ჯი-თის მაღალ კვალიფიკაციას და კომპანიის მიერ გაწეული მომსახურების ხარისხს VMware-ის გადაწყვეტილებების დანერგვის პროცესში. იუ-ჯი-თიმ საკმაო გამოცდილება დააგროვა VMware-ს პროდუქტების გამოყენებით სხვადასხვა სირთულის საინტეგრაციო პროექტებზე მუშაობისას და დღეისათვის კომპანიის რიგებში ამ სფეროში სერთიფიცირებული არაერთი სპეციალისტი მუშაობს.
„დღევანდელი გლობალური კრიზისების პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია IT ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციისა და მოდიფიკაციის დანახარჯების შემცირება. ვირტუალიზაციის თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით ჩვენ ვეხმარებით ჩვენს დამკვეთებს მიაღწიონ მეტი ამოცანის გადაწყვეტას და იმავდროულად შეამცირონ გაწეული დანახარჯები" - გიორგი მაისურაძე, იუ-ჯი-თის გენერალური დირექტორის მოადგილე.
###
კომპანია იუ-ჯი-თის შესახებ
იუ-ჯი-თი საქართველოს საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) სფეროში ლიდერი კომპანიაა. იგი ძირითადად კონცენტრირებულია მსხვილ კორპორატიულ კლიენტებსა და სახელმწიფო სექტორის მომსახურებაზე. კომპანიის ძირითადი საქმიანობაა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიურ პროდუქტებზე, სერვისებსა და კონსალტინგზე დამყარებული გადაწყვეტილებების შემუშავება, დანერგვა და მხარდაჭერა.
იუ-ჯი-თის კლიენტების რიცხვს მიეკუთვნებიან შემდეგი სფეროს წარმომადგენლები: საბანკო-საფინანსო, სატელეკომუნიკაციო, წარმოების, დისტრიბუციის, საცალო ვაჭრობის, ფარმაცევტული და სამშენებლო სექტორები. სახელმწიფო სფეროდან - თავდაცვის და უსაფრთხოების, საფინანსო-ეკონომიკური რგოლის, საგანმანათლებლო და ჯანდაცვის სტრუქტურები.
იუ-ჯი-თის სტრატეგიული პარტნიორები და მომწოდებლები არიან საინფორმაციო ტექნოლოგიების დარგში მსოფლიოს ლიდერი კომპანიები, ისეთები როგორიცაა: Microsoft, SAP, HP, Cisco, IBM, SUN Microsystems, Checkpoint, Oracle, Tripp-lite, Avaya, Veritas, Symantec, EMC.