პრესრელიზი
12 ივნისი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მარშალ გელოვანის გამზირი #6, თბილისი
nfomoa@moa.gov.ge www.moa.gov.ge
ტელ: 237 80 09
მობ: 599 50 26 19
იწყება ევროკავშირისა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ახალი პროგრამა სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის
ევროკავშირი და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) იწყებენ ახალ სამწლიან პროექტს, რომელიც საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის უზრუნველყოფს ტექნიკურ დახმარებას.
პროექტის პრეზენტაციაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ აღნიშნა ,,სოფლის მეურნეობა და სოფლის განვითარება უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია საქართველოს მთავრობისათვის. ევროკავშირისა და FAO-ის დახმარებით სახელმწიფო ინსტიტუტების შესაძლებლობების გაძლიერება, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი სტრატეგიული მიზნების ეფექტურ განხორციელებას".
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის მეურნეობის ატაშეს ხუან-ხოსე ეჩანოვეს განაცხადებით, ,,ეს ტექნიკური დახმარება კიდევ უფრო შეუწყობს ხელს სოფლის მეურნეობის სექტორის ზრდასა და სტაბილურობას. პროგრამა დაეხმარება სურსათის უვნებლობის სტანდარტების, მდგრადი წარმოებისა და წარმატებული სოფლის მეურნეობის განვითარებას".
2 მილიონი ევროს საერთო მოცულობის პროექტი გააუმჯობესებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის კონკურენტუნარიანობას ეფექტური პოლიტიკის შემუშავების გზით. კერძოდ, გაუმჯობესდება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის განხორციელების ეფექტურობა. პროექტის ფარგლებში განხორციელდება მაღალკვალიფიციური საერთაშორისო ექსპერტების ჩამოყვანა, რომლებიც სამინისტროს დაეხმარებიან როგორიცA მცირე ფერმერებში კოოპერაციის ფორმების პოპულარიზაციის კუთხით, ასევე მცირე ფერმერებისთვის საკონსულტაციო მომსახურების გაუმჯობესების მიმართულებით. პროექტი ასევე ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის სამინისტროში პოლიტიკის შემუშავების განყოფილების ჩამოყალიბებას. პროექტის განხორციელების განმავლობაში მონაწილე მხარეების ურთიერთობა დაეყრდნობა თანამონაწილეობას, თანამშრომლობას, ინკლუზიურობას, გამჭვირვალობას და თანამფლობელობას.
აღნიშნული ინიციატივა ევროპის სამეზობლოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პროგრამის (ENPARD) ნაწილია, რომლის ფარგლებშიც ევროკავშირი ეხმარება ინკლუზიურ ზრდასა და სტაბილურობას თავის სამეზობლოში და მხარს უჭერს სოფლის მეურნეობას, როგორც სასურსათო უსაფრთხოების, მდგრადი წარმოებისა და სოფლად დასაქმების საფუძველს.