პრესრელიზი
8 სექტემბერი,2014
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
გაგა ჩხეიძე
+995 577 462358
office@tbilisifilmfestival.ge
www.tbilisifilmfestival.ge
კინოექსპრესი „სომხეთი-საქართველო"
8-11 სექტემბერს ნინოწმინდა, ახალქალაქი, ახალციხე და ბორჯომი უმასპინძლებენ „კინოექსპრესს"
კინოექსპრესი „სომხეთი-საქართველო" - ასე ჰქვია პროექტს, რომელსაც თბილისისა და ერევნის საერთაშორისო კინოფესტივალების ეგიდით ხორციელდება შემოდგომაზე სომხეთსა და საქართველოში.
პროექტი გულისხმობს ექვსი უახლესი სომხური და ქართული ფილმის ჩვენებას სამცხე-ჯავახეთში და ჩრდილოეთ სომხეთში, შირაქისა და ლორის რეგიონებში.
სეანსების შემდეგ მაყურებელი შეხვდება შემოქმედებითი ჯგუფების წევრებს და კინომცოდნეებს. ქართული კინოპროგრამა მოიცავს სამ სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმს, ესენია: „გაიღიმეთ!", „მანდარინები" და „პატარძლები".
პროექტის მიზანია, კინოხელოვნება გამოყენებულ იქნეს, როგორც ეფექტური და მძლავრი საშუალება ინტერკულტურული დიალოგისთვის, კეთილმეზობლური ურთიერთობის განმტკიცებისა და ორი ქვეყნის დაახლოებისთვის.
ამ პროექტის მეშვეობით მაღალი ხარისხის კულტურული პროდუქცია მიეწოდება რეგიონის მოსახლეობას, რომელიც მრავალი სხვადასხვა მიზეზის გამო აქტიურად არ არის ჩართული ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში. ამ თვალსაზრისით პროექტი სოციალურ თანასწორობასაც შეუწყობს ხელს და შეეცდება, ნაწილობრივ მაინც დააკმაყოფილოს სოციალურ-კულტურული ინტეგრაციასა და ინტერკულტურულ დიალოგზე არსებული მოთხოვნილება საზღვრისპირა რეგიონებში.
„კინოექსპრესის" პრეზენტაცია შედგა ივლისში ერევნის საერთაშორისო კინოფესტივალზე. ნინოწმინდა, ახალქალაქი, ახალციხე და ბორჯომი უმასპინძლებენ „კინოექსპრესს" 8-11 სექტემბერს. ოქტომბრის თვეში „კინოექსპრესი" თავის მოგზაურობას ისევ სომხეთში განაგრძობს, კერძოდ, ვანაძორსა და ალავერდში. პროექტი საბოლოოდ დაიხურება, და შედეგები შეჯამდება დეკემბერში თბილისის მე-15 საერთაშორისო კინოფესტივალზე.
პროექტს ახორციელებენ კინოს განვითარების ფონდი „ოქროს გარგარი" (სომხეთი) და კინოხელოვნების ცენტრი „პრომეთე" (საქართველო). მას სამი ძირითადი პარტნიორი და თანადამფინანსებელი ჰყავს: ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და სომხეთის კულტურის სამინისტრო. ადგილებზე პროექტის განხორციელებას უზრუნველყოფენ შესაბამისი მუნიციპალიტეტების კულტურის სამსახურები. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე გამოყენებული იქნება კინოტექნიკა, რომლითაც სამცხე-ჯავახეთის რეგიონი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ აღჭურვა.