პრესრელიზი
25 იანვარი, 2013 |
კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების შესახებ
კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), 2012 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, 1.6 პროცენტით, ანუ 139.4 მლნ ლარით გაიზარდა და მიმდინარე წლის პირველი იანვრისათვის 8.7 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 72.9 მლნ ლარით (2.7 პროცენტით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა - 66.5 მლნ ლარით (1.1 პროცენტით).
რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2012 წლის დეკემბრის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 889.0 მლნ ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.5 პროცენტით ანუ 21.8 მლნ ლარით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით - 3.9 მლრდ ლარის (შესაბამისად, 1.2 პროცენტით ანუ 44.4 მლნ ლარით მეტი) მოცულობის სესხი.
იურიდიული პირების დაკრედიტების მთლიან მოცულობაში ყველაზე დიდი ხვედრითი წილი - 47.0 პროცენტი ვაჭრობის სფეროზე მოდის. 2012 წლის ნოემბერთან შედარებით, დეკემბერში ვაჭრობის სფეროზე გაცემული სესხების მოცულობა 0.5 პროცენტით ანუ 10.1 მლნ ლარით შემცირდა და 2.2 მლრდ ლარი შეადგინა.
მრეწველობაზე გაცემული სესხების წილმა იურიდიულ პირებზე გაცემული ვადიანი სესხების საერთო მოცულობაში 20.9 პროცენტი შეადგინა, რაც 2013 წლის პირველი იანვრისათვის 993.2 მლნ ლარით განისაზღვრა (2.4 პროცენტით ანუ 23.0 მლნ ლარით მეტი წინა თვესთან შედარებით); 9.2 პროცენტი მოდის მშენებლობაზე, რაც 435.7 მლნ ლარია (9.2 პროცენტით, ანუ 36.9 მლნ ლარით მეტი, შესაბამისად). ამდენად, იურიდიული პირების დაკრედიტების საერთო მოცულობის 77.1 პროცენტი მხოლოდ სამ დარგზე - მრეწველობაზე, მშენებლობასა და ვაჭრობაზე მოდის.
2012 წლის დეკემბრის განმავლობაში 1.9 პროცენტით ანუ 66.4 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი იანვრისათვის 3.6 მლრდ ლარს გადააჭარბა.
წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე: http://www.nbg.gov.ge/index.php?m=306