აბლაციის სხვადასხვა მეთოდი არსებობს. კრიოაბლაცია კი ერთ-ერთი მეთოდია, რომლის დროსაც კრიოთერმული ენერგიის გამოყენება ხდება და მას ყველაზე ხშირად სწორედ მოციმციმე არითმიის სამკურნალოდ მიმართავენ.
„კრიოაბლაციამ იპოვა თავის ნიშა იმ კუთხით, რომ მოციმციმე არითმიის მკურნალობა გახადა უფრო მარტივი სხვა ტიპის აბლაციებთან შედარებით, უფრო უსაფრთხო, ხანმოკლე და გააჩინა საშუალება პაციენტებს ნაკლები რისკის ფასად და მეტი ეფექტურობის მიღწევის ხარჯზე წარმატებით ვუმკურნალოთ,“- აღნიშნავს გიორგი პაპიაშვილი.
დადგენილია, რომ არითმიების ეპიზოდების სიხშირე თითოეული პაციენტის შემთხვევაში ინდივიდუალურია, შესაძლოა, ის პაციენტს თვეში ერთხელ აღენიშნოს, შესაძლოა, კვირაში რამდენჯერმე, შესაძლებელია წელიწადში 2-3-ჯერ. თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ დროთა განმავლობაში ეპიზოდების რაოდენობა იზრდება.
„ითვლება, რომ მოციმციმე არითმია ქრონიკული დაავადებაა, ამიტომ მკურნალობით ვცდილობთ შევამციროთ არითმიის ეპიზოდები. ასეთი ეპიზოდები ხშირად მოითხოვს პაციენტის საავადმყოფოში გადაყვანას, კარდიოვერსიის (ე.წ. ელექტროშოკის) განხორციელებას და ბუნებრივია, თუ ასეთი შემთხვევები ხშირია, ეს მნიშვნელოვნად აუარესებს პაციენტების ცხოვრების ხარისხს,“- აღნიშნავს გიორგი პაპიაშვილი.
როგორც გიორგი პაპიაშვილი ამბობს, წამლის ფონზე პრაქტიკულად, 10% ს- არ აღემატება იმის ალბათობა, რომ პაციენტს არითმიის ეპიზოდები გაუქრეს და გათავისუფლდეს დაავადებისგან, მაშინ როცა ერთი აბლაციის შემდეგ 60 – 70%-ს არითმია აღარ აღენიშნება, დარჩენილ 30-40%-ის შემთხვევაში კი, ეპიზოდების რაოდენობა მცირდება. მეორე აბლაციის შემთხვევაში პაროქსიზმული მოციმციმე არითმიისგან 80-90% იკურნება. უნიკალური ოპერაცია ქვეყანაში თითქმის ორი წელია დაინერგა და რეგიონის მასშტაბით მხოლოდ საქართველოში ტარდება.
„როდესაც აბლაციის და მედიკამენტური მკურნალობის ეფექტიანობას შევადარებთ, უკვე ჩანს, რამდენად მნიშვნელოვანია აბლაციის განხორციელება, ამიტომ სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი იგებს, რომ არსებობს ასეთი შესაძლებლობა და უფრო მეტს უჩნდება სურვილი ამ პროცედურის ჩატარების,“- აღნიშნავს გიორგი პაპიაშვილი.