ლევან დავითაშვილმა ბერლინში გამართულ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა
საერთაშორისო გამოფენის ,,მწვანე კვირეულის“ ფარგლებში, ქალაქ ბერლინში სურსათისა და სოფლის მეურნეობის გლობალური ფორუმი გაიმართა, რომელშიც საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის, კრისტოფერ შმიდტის ინიციატივით ყოველწლიურად იმართება და მასში მონაწილეობას 60 ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრი ესწრება.
მიმდინარე წელს, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული ფორუმის მთავარი თემა სოფლის მეურნეობა და წყლის რესურსების სწორი გამოყენება იყო.
გლობალური ფორუმის მონაწილეებმა წყლის, როგორც სასიცოცხლოდ აუცილებელი რესურსის სწორ გამოყენებაზე და არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს. როგორც ფორუმზე აღინიშნა, მნიშვნელოვანია, რომ სოფლის მეურნეობაში წყლის რესურსის გამოყენება გონივრულად მოხდეს.
ფორუმის ფარგლებში გაიმართა სამუშაო სესიები, სადაც რეგიონებისა და ქვეყნების მიხედვით წყლის რესურსებზე წვდომაზე და ამ კუთხით არსებულ მდგომარეობაზე იმსჯელეს. ფორუმის დასასრულს მონაწილეებმა მიიღეს კომუნიკე, რომელიც წყლის რესურსების სწორი გამოყენებით სოფლის მეურნეობის ეფექტიან და მდგრად განვითარებას ეხება.
ბერლინში გამართულ გლობალურ ფორუმს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიაში, ლადო ჭანტურია და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ესწრებოდნენ.
ორგანიზაციის შესახებ
ღონისძიების დასრულების შემდეგ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სურსათისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, კრისტიან შმიდტმა ოფიციალური მიღება გამართა, რომელსაც ფორუმის მონაწილე სხვადასხვა ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრები და მაღალი რანგის სტუმრები ესწრებოდნენ.
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი:
მარშალ გელოვანის გამზირი #6, თბილისი
infomoa@moa.gov.ge www.moa.gov.ge
ტელ: 237 80 09