პრესრელიზი
8 აპრილი,2014
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მარშალ გელოვანის გამზირი #6, თბილისი
nfomoa@moa.gov.ge www.moa.gov.ge
ტელ: 237 80 09
მობ: 599 50 26 19
მარნეულის მუნიციპალიტეტში ახალი სასათბურე მეურნეობა გაიხსნა
შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში ახალი საწარმოების გახსნა გრძელდება. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორმა გიორგი ჩხეიძემ და ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილემ რამინ ისმაილოვმა მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ დამია გეურარხში გახსნილი ახალი სასათბურე მეურნეობა დაათვალიერეს და ბოსტნეულის წარმოების პროცესს ადგილზე გაეცნენ.
,,სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებულ სისტემურ და მიზანმიმართულ პროექტებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტია", რომელიც უკვე წელიწადია რაც წარმატებით მიმდინარეობს. საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული ეს პროექტი, სოფლის მეურნეობის განვითარებისკენ არის მიმართული. მნიშვნელოვანია, ქვეყანაში შეიქმნას თანამედროვე ტიპის სასათბურე მეურნეობები, რომელიც ხელს შეუწყობს იმპორტირებული პროდუქციის ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით ჩანაცვლებას", - განაცხადა შალვა ფიფიამ.
„შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის" დახმარებით, ინდ.მეწარმე აბას მუსაევმა 240,000 აშშ დოლარის ოდენობის სესხი აიღო და ახალი სასათბურე მეურნეობა მოაწყო. აღებული კრედიტის 13 %-იანი საპროცენტო განაკვეთიდან 12% - ს „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო" დააფინანსებს. შესაბასამისად, მეწარმე მხოლოდ წლიურ 1% - ს გადაიხდის.
ახალი სასათბურე მეურნეობა 1.7 ჰა მიწის ფართობზეა აშენებული. მისი წარმადობა წელიწადში 300-400 ტონა ბოსტნეულს შეადგენს. სათბურში დასაქმებულია 50 ადგილობრივი მცხოვრები.
„შეღავათიანი აგოროკრედიტის პროექტი" 2013 წლის 27 მარტს დაიწყო და უკვე ერთი წელია წარმატებით მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, ქვემო ქართლის რეგიონში 2,200 მოსარგებლეზე გაცემულია 50,000,000 ლარამდე შეღავათიანი აგროკრედიტი. საქართველოს მასშტაბით, ყველა რეგიონში 14,100 მსესხებელზე გაცემული ჯამური თანხა 318,000,000 ლარს შეადგენს. პროექტის ხელშეწყობით უკვე დაფინანსდა 70 - მდე ახალი საწარმო, ხოლო 400 - ზე მეტი საწარმოს გაფართოება/გადაიარაღება განხორციელდა.
ქვემო ქართლის რეგიონში სოფლის მეურნეობის სამინისტროს „მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის" ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებიც აქტიურ ფაზაშია შესული და წარმატებით მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში რეგიონში 7,397 ჰა ფართობის სასოფლო-სამეურნეო მიწა მოიხვნება. სახელმწიფოს დახმარებას 90,000 - ზე მეტი მცირემიწიანი ფერმერი მიიღებს.