5 აგვისტოს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდსა და უნივერსიტეტს შორის ხელშეკრულება გაფორმდება. ორგანიზაციებს შორის ახალი თანამშრომლობა ითვალისწინებს, ფონდის მიერ უნივერსიტეტის ათი წარმატებული სტუდენტისთვის, რომლებიც მასწავლებლის პროფესიას ეუფლებიან, სპეციალურ წამახალისებელ სტიპენდიებს დაწესებას.
მომავალი მასწავლებლების სტუდენტური სტიპენდიების პროგრამა გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა გასულ წელს საკუთარი ინიციატივით დაიწყო და იგი აქტიურად ხორციელდება გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, ასევე, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტისა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფაკულტეტებზე. კერძო ფონდის მხარდაჭერით სამივე უნივერსიტეტის სტიპენდიატები აქტიურად არიან ჩართულები არაერთ საგანმანათლებლო პროექტებში და მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა შემეცნებით პროექტებსა და აქტივობებში.
ფონდის მიერ ინიცირებული მომავალი მასწავლებლების წახალისების პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს პედაგოგის პროფესიის პოპულარიზაციას, დამატებითი მოტივაცია გაუჩინოს მომავალ მასწავლებლებს და პარტნიორ უნივერსიტეტებში შექმნას მაღალი აკადემიური მოსწრების აბიტურიენტების მოზიდვის მეტი შესაძლებლობა.
მიმდინარე სასწავლო წლიდან ფონდი გეგმავს კიდევ უფრო გაზარდოს სტუდენტური დაფინანსების პროგრამა და მომავალი პედაგოგების წახალისების მიზნით კიდევ სხვა რეგიონალურ უნივერსიტეტებთან დაიწყოს თანამშრომლობა.
გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი 2017 წელს შეიქმნა და მისი მისიაა ხელი შეუწყოს ქვეყანაში განათლების სისტემის განვითარებას. იგი მიზნად ისახავს განათლების საერთო ხარისხის ამაღლებას, განათლების სტანდარტების გაუმჯობესებასა და განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას. გპფ მოწოდებულია საკუთარი საქმიანობით და განათლების სექტორში ინვესტირებით შეიქმნას საჯარო და კერძო პარტნიორობის წარმატებული მოდელი ეროვნული განათლების სისტემის მხარდასაჭერად. ბოლო 3 წლის განმავლობაში ფონდის მიერ დაფინანსდა 20-ზე მეტი საგანმანათლებლო პროექტი. გპფ-ს ფინანსური ინვესტიცია განათლების სექტორში აღემატება 2.5 მილიონ ლარს.