პრესრელიზი
24 ოქტომბერი, 2008
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
მაია ქურციკიძე
კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი
გაეროს ბავშვთა ფონდი
ტელ: 23 23 88, 25 11 30; 899 53 30 71
ფაქსი: 25 12 36
ელ-ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org
ვებ-გვერდი: www.unicef.org/georgia
მედია წითელა-წითურას წინააღმდეგ
[PUBLICITY.GE] თბილისი, 24 ოქტომბერი, 2008 - "მედია წითელა-წითურას წინააღმდეგ" წარმოადგენს პროექტს, რომელიც განხორციელდა წითელა-წითურას საწინააღმდეგო მასობრივი აცრების კამპანიის ფარგლებში. აცრები ტარდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 20 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაეროს ბავშვთა ფონდისა (UNICEF) და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით.
"მედია წითელა-წითურას წინააღმდეგ" პროექტის ფარგლებში ჟურნალისტებისათვის ჩატარდა სემინარები საქართველოს რეგიონულ ქალაქებში - ქუთაისში, ბათუმსა და თელავში და საქართველოს დედაქალაქში - თბილისში.
პროექტი მიზნად ისახავდა მედიის წარმომადგენელთა აღჭურვას წითელა-წითურას ვირუსთან დაკავშირებული საბაზისო ინფორმაციით და მათთვის იმ რეალური საფრთხის წარმოჩენას, რომელიც თავს იჩენს მოსახლეობის მხრიდან აცრების უგულებელყოფის გამო, რაც პირველ რიგში არასრულფასოვანი ინფორმაციის ფლობითაა გამოწვეული.
სემინარებს იმუნიზაციის საკითხში სპეციალიზირებული ექსპერტები, გაეროს ბავშვთა ფონდისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები უძღვებოდნენ. ჟურნალისტების მხრიდან აცრებთან დაკავშირებით დიდი ინტერესი და ჩართულობა იგრძნობოდა, რაც შეკითხვების აქტიურად დასმასა და საკითხის უფრო ღრმად შესწავლის სურვილში გამოიხატებოდა.
სემინარზე, გარდა ინფორმაციული მხარისა, მოხდა მედიის წარმომადგენელთათვის თემასთან დაკავშირებული ბეჭდური მასალების, სასაჩუქრე პაკეტების და გაეროს ბავშვთა ფონდის სერთიფიკატების გადაცემა.
საბოლოო ჯამში სემინარებში მონაწილეობა 52-მა ჟურნალისტმა მიიღო, ჟურნალისტების ინფორმაციულმა მზადყოფნამ კი შესაძლებელია არა მხოლოდ ხელი შეუწყოს იმუნიზაციის პროცესს, არამედ არა ერთი სიცოცხლეც იხსნას.
###
მსოფლიოში წითელასაგან ყოველდღიურად 663 ადამიანი იღუპება, 2007 წელს კი ამ ვირუსისაგან აუცრელობას 242 ათასი ადამიანი შეეწირა. წითელათი და წითურათი შეიძლება დაავადდეს ნებისმიერი ასაკის ადამიანი რომელსაც აღნიშნული დაავადების გადატანა არ აქვს ლაბორატორიული ანალიზით დადასტურებული ან რომელიც არ არის ორჯერ აცრილი. სწორედ ამიტომ, წითელა-წითურას საწინააღმდეგო იმუნიზაციის მასობრივი კამპანია მოუწოდებს 6 დან 27 წლის ასაკობრივი ჯგუფის მოსახლეობას წითელა-წითურას საწინააღმდეგო იმუნიზაციისაკენ. აცრები ჩატარდება პოლიკლინიკებში, ამბულატორიებში, უმაღლეს სასწავლებლებში სწავლისა და საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ვაქცინა უსაფრთხოა, აცრები კი უფასო!