ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
22/11/2016
მედიაციის განვითარება საქართველოში
21 ნოემბერს თბილისში გაიხსნა მედიაციის დღეები - ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია, რომლის მიზანია მედიაციის, როგორც დავების მოგვარების ალტერნატიული მექანიზმის, განვითარება საქართველოში და მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის ხელშეწყობა.
კონფერენციას ესწრებიან მედიაციის წამყვანი ექსპერტები და პრაქტიკოსები ექვსი ქვეყნიდან, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებიდან, დიდი ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან და სლოვენიიდან. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას იღებენ ქართველი მედიატორები და სამართლის სფეროს პროფესიონალები, საქართველოს მთავრობის. სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
„მედიაციის განვითარებას დიდი მნიშვნელობა აქვს, ერთი მხრივ, თავად მოდავე მხარეებისათვის, რადგან ამით მათ შეუძლიათ ბევრად უფრო სწრაფად და ნაკლები დანახარჯებით გადაწყვიტონ მათ შორის არსებული პრობლემები, ხოლო, მეორე მხრივ, სასამართლოების განტვირთვისა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისათვის. საქართველოსათვის მნიშვნელოვანია საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, რაც ხელს შეუწყობს სამართლებრივი ჩარჩოს შემუშავებას ამ სფეროში“, - თქვა ალექსანდრე ბარამიძემ, საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, კონფერენციის გახსნაზე.
კონფერენციის მსვლელობაში შედგება მედიაციის შესახებ საქართველოს კანონპროექტის წარდგენა. ასევე წარდგენილი იქნება კვლევა „მედიაცია საქართველოში - ტრადიციიდან თანამედროვეობამდე“, რომელშიც განხილულია მედიაციის საუკუნოვანი ტრადიციები საქართველოში.
კონფერენციის დასასრულს გაიმართება მასტერკლასი სტუდენტებისათვის.
„მედიაციისა და, ზოგადად, დავების მოგვარების ალტერნატიული მექანიზმების განვითარების აუცილებლობა ასახულია საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში. მედიაციის განვითარების საქმეში ევროკავშირი აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს მართლმსაჯულების სისტემასთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან“, - თქვა კაიდო სირელმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების უფროსის მოადგილემ.
თბილისის მედიაციის დღეები ხორციელდება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში „მართლმსაჯულება ყველასათვის“. კონფერენციის ჩატარებას ასევე უწყობს ხელს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) პროექტის ფარგლებში “კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის (GIZ) სამართლის პროგრამა „ევროპულ სტანდარტებთან სამხრეთ კავკასიის სამართლებრივი დაახლოება“.
ორგანიზაციის შესახებ
კონფერენციის ჩატარებაში ჩართულია ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავების ალტერნატიული მოგვარების (ADR) ეროვნულ ცენტრი, საქართველოს სასამართლო მედიატორთა და საქართველოს მედიატორთა ასოციაციები.
საკონტაქტო ინფორმაცია:
სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, 599-196907 | sophie.tchitchinadze@undp.org
წაკითხულია: 3558