ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
04/03/2021
მედიაციის პროცესში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დამკვიდრებისთვის ორმხრივი მემორანდუმი გაფორმდა
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურსა და სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ და სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა მოაწერეს.
მემორანდუმის მიზანი მედიაციის სფეროში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დამკვიდრება და ამ მიმართულებით უწყებებს შორის თანამშრომლობაა.
მედიაციის პროცესში, რომელიც მხარეებს დავის სასამართლოს გარეშე გადაწყვეტის შესაძლებლობას აძლევს, მასში ჩართული პირების სხვადასხვა სახის, მათ შორის სენსიტიური ხასიათის პერსონალური მონაცემები, მუშავდება. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე ზედამხედველი უწყება და სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაცია, როგორც მედიატორთა საქმიანობის მარეგულირებელი ორგანო, მემორანდუმის ფარგლებში, მედიაციის პროცესში პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მარეგულირებელი სამართლებრივი დოკუმენტების შექმნის, მონაცემთა დამუშავების პროცესების დახვეწის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე მედიატორთა ცნობიერების ამაღლებისა და მედიატორთა პრაქტიკულ საქმიანობაში მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებულ საკითხებზე სამართლებრივი კონსულტაციის გაწევის მიმართულებებით ითანამშრომლებენ.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მიესალმება სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ინიციატივას და ძალისხმევას, მედიაციის ინსტიტუტის განვითარების პირველივე ეტაპზე დაამკვიდროს პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტი და უზრუნველყოს ამ პროცესში ისეთი მნიშვნელოვანი ღირებულების დაცვა, როგორიცაა კონფიდენციალობა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა.

ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 985