15 ოქტომბერი, 2009
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის
საკონტაქტო
ინფორმაცია:
თამარ
ჯიბუტი
მედიასთან
ურთიერთობის
კოორდინატორი
"ფაბლისითი
ჯგუფი"
ტელ:
+995 32 508 444
მობ:
+995 77 465 590
ელ-ფოსტა:
tako@publicity.ge
მიკრო სესხების და ბიზნეს ტრენინგების ახალი შესაძლებლობები სამეგრელო - ზემო სვანეთის მოსახლეობას
[PUBLICITY.GE] თბილისი 13 ოქტომბერი, 2009 - 9 ოქტომბერს ზუგდიდმა, გაეროს განვითარების პროგრამის "მიკროდაფინანსება კონფლიქტით დაზარალებული რეგიონებისათვის" პროექტის ფარგლებში უმასპინძლა საინფორმაციო შეხვედრას პროექტის პარტნიორ ოთხ მიკრო საფინანსო ორგანიზაციასა და ერთ ბიზნეს ტრენინგების და კონსულტაციური მომსახურების ორგანიზაციას შორის, რომლებიც 2010 წლის ივნისამდე სამეგრელო-ზემო სვანეთში გასცემენ მიკრო სესხებს და უზრუნველყოფენ ტრენინგებითა და კონსულტაციებით ბიზნესის მართვის საკითხებში დაინტერესებულ მიზნობრივი ჯგუფების წარმომადგენლებს.
პროექტის "მიკროდაფინანსება კონფლიქტით დაზარალებული რეგიონებისათვის" მიზანია ხელმისაწვდომი გახადოს მიკროდაფინანსება საქართველოს სამ რეგიონში მცხოვრები მცირე მეწარმეებისთვის, ქალებისთვის და იძულებით გადაადგილებული პირებისთვის და უზრუნველყოს ისინი ბიზნეს ტრენინგებითა და კონსულტაციებით, რათა მათ შეძლონ არსებული ბიზნესების უკეთ მართვა, სესხის აღება ან ახალი საქმიანობის წამოწყება.
სამეგრელო - ზემო სვანეთი, შიდა ქართლი და მცხეთა - მთიანეთი, ეს ის სამი რეგიონია, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამისა და ევროკავშირის მიერ შეირჩა ამ პროექტის სამიზნე რეგიონებად, სადაც ყველაზე მეტად აისახა საქართველოში 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შედეგები და გაიზარდა იძულებით გადაადგილებულ პირთა რიცხვი. შედეგად, ამ რეგიონებში შენელდა ეკონომიკური ზრდის ტემპი, რასაც დაემატა გლობალური ეკონომიკური კრიზისი, რამაც გამოიწვია სამივე რეგიონში ბიზნეს გარემოს გაუარესება და უმუშევრობის მაჩვენებლის ზრდა.
საინფორმაციო შეხვედრას ესწრებოდნენ სამეგრელო - ზემო სვანეთში მოქმედი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების "ალიანს ჯგუფის", "კონსტანტას", "კრისტალის", "ლაზიკა კაპიტალის", ”ფინკას” და ბიზნეს კონსულტაციების ორგანიზაცია "ერანის" წარმომადგენლები, რომლებმაც შეიმუშავეს ერთიანი სამოქმედო გეგმა პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობის უფრო ეფექტურად მართვის მიზნით.
საინფორმაციო შეხევდრა გახსნა პროექტის "მიკროდაფინანსება კონფლიქტით დაზარალებული რეგიონებისათვის" დირექტორის მოადგილემ ქ-ნ თათია როგავამ, რომელმაც ისაუბრა პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ინიციატივების და კონკრეტული სამოქმედო გეგმების შესახებ. შეხვედრაზე ყველა დამსწრე პარტნიორს გააცნეს ის საკომუნიკაციო სტრატეგია, რომლითაც მოხდება პროექტის ყველა მიზნობრივ ჯგუფთან ინფორმაციის მიტანა, რაც მთლიანობაში ხელს შეუწყობს პროექტის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას მიზნობრივ ჯგუფებში და გამჭირვალეობის უზრუნველყოფას სამეგრელო - ზემო სვანეთის მოსახლეობაში.
ანალოგიური საინფორმაციო შეხვედრები პროექტის "მიკროდაფინანსება კონფლიქტით დაზარალებული რეგიონებისათვის" პარტიორ მიკრო საფინანსო და ტრენინგებისა და კონსულტაციების მომწოდებელ ორგანიზაციებთან შიდა ქართლსა და მცხეთა-მთიანეთში იგეგმება ოქტომბრის შუა რიცხვებში.
###
პროექტს "მიკროდაფინანსება კონფლიქტით დაზარალებული რეგიონებისათვის" აფინანსებს ევროკავშირი და ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP). 18 თვიანი პროექტის ფარგლებში, გაიცემა მიკრო სესხები და ტრენინგები & კონსულტაციები ჩაუტარდება მცირე მეწარმეებს, ქალებს და იძულებით გადაადგილებულ პირებს. მიკრო სესხების გაცემას სამეგრელო - ზემო სვანეთში, შიდა ქართლში და მცხეთა - მთიანეთში უზრუნველყოფს ტენდერში გამარჯვებული ექვსი მიკრო საფინანსო ინსტიტუტი და ერთი ბანკი: "ალიანს ჯგუფი", "კრედო", "კრისტალი", "კონსტანტა", "ფინკა", "ფინაგრო" და " ლაზიკა კაპიტალი", ხოლო ბიზნეს ტრენინგებს და კონსულტაციებს ამავე რეგიონებში წარმართავს ტენდერის შედეგად შერჩეული ორგანიზაციები: "საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია" მცხეთა მთიანეთში, "საქართველოს სოფლის განვითარების ფონდი" შიდა ქართლში და "ერანი" სამეგრელო-ზემო სვანეთში. პროექტის საკომუნიკაციო მენეჯმენტს ახორციელებს "ფაბლისითი ჯგუფი".