ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
მიკრო სესხების და ბიზნეს განათლების ახალი შესაძლებლობები მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის მოსახლეობას
20/10/2009
 
პრესრელიზი

20 ოქტომბერი, 2009
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
თამარ ჯიბუტი
მედიასთან ურთიერთობის კოორდინატორი
"ფაბლისითი ჯგუფი"
ტელ: +995 32 508 444
მობ: +995 77 465 590
ელ-ფოსტა: tako@publicity.ge 

მიკრო სესხების და ბიზნეს განათლების ახალი შესაძლებლობები მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის მოსახლეობას 

[PUBLICITY.GE] თბილისი 20 ოქტომბერი, 2009 - 13 და 16 ოქტომბერს გაეროს განვითარების პროგრამის "მიკროდაფინანსება კონფლიქტით დაზარალებული რეგიონებისათვის" პროექტის ფარგლებში შედგა საინფორმაციო შეხვედრები მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში პროექტის პარტნიორ მიკრო საფინანსო ორგანიზაციასა და ბიზნეს ტრენინგების და კონსულტაციური მომსახურების ორგანიზაციას შორის, რომლებიც 2010 წლის ივნისამდე ზემოაღნიშნულ რეგიონებში გასცემენ მიკრო სესხებს და უზრუნველყოფენ ტრენინგებითა და კონსულტაციებით ბიზნესის მართვის საკითხებში დაინტერესებულ მიზნობრივი ჯგუფების წარმომადგენლებს.

პროექტის "მიკროდაფინანსება კონფლიქტით დაზარალებული რეგიონებისათვის" მიზანია ხელმისაწვდომი გახადოს მიკროდაფინანსება საქართველოს სამ რეგიონში მცხოვრები მცირე მეწარმეებისთვის, ქალებისთვის და იძულებით გადაადგილებული პირებისთვის და უზრუნველყოს ისინი ბიზნეს ტრენინგებითა და კონსულტაციებით, რათა მათ შეძლონ არსებული ბიზნესების უკეთ მართვა, სესხის აღება ან ახალი საქმიანობის წამოწყება.

სამეგრელო - ზემო სვანეთი, შიდა ქართლი და მცხეთა - მთიანეთი, ეს ის სამი რეგიონია, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამისა და ევროკავშირის მიერ შეირჩა ამ პროექტის სამიზნე რეგიონებად, სადაც ყველაზე მეტად აისახა საქართველოში 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შედეგები და გაიზარდა იძულებით გადაადგილებულ პირთა რიცხვი. შედეგად, ამ რეგიონებში  შენელდა ეკონომიკური ზრდის ტემპი, რასაც დაემატა გლობალური ეკონომიკური კრიზისი, რამაც მთლიანობაში გამოიწვია სამივე რეგიონში ბიზნეს გარემოს გაუარესება და  უმუშევრობის მაჩვენებლის ზრდა.

მცხეთა-მთიანეთის პარტნიორ ორგანიზაციებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა 13 ოქტომბერს თბილისში, პროექტის "მიკროდაფინანსება კონფლიქტით დაზარალებული რეგიონებისათვის" ოფისში, რომელსაც ესწრებოდნენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების "ალიანს ჯგუფის", "კონსტანტას", "კრისტალის" და ბიზნეს კონსულტაციების პროვაიდერი ორგანიზაცია "ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის" წარმომადგენლები.

შიდა ქართლის პარტნიორ ორგანიზაციებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის სააქტო დარბაზში, რომელსაც ესწრებოდნენ პროექტის პარტნიორი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების -  "კრედო", "ფინკა საქართველო", "ფინაგრო", "ბანკი კონსტანტა" და ბიზნეს კონსულტაციების ორგანიზაცია "GRDF"-ის წარმომადგენლები.

ორივე შეხვედრაზე პროექტის თანამშრომლებმა და პარტიორმა მიკრო საფინანსო ორგანიზაციებმა და ბიზნეს ტრენინგებისა და კონსულტაციების პროვაიდერებმა შეიმუშავეს ერთიანი სამოქმედო გეგმა პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობის უფრო ეფექტურად მართვის მიზნით.

საინფორმაციო შეხვედრები გახსნა პროექტის "მიკროდაფინანსება კონფლიქტით დაზარალებული რეგიონებისათვის" მენეჯერის მოადგილემ ქ-ნ თათია როგავამ, რომელმაც ისაუბრა პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ინიციატივების და კონკრეტული სამოქმედო გეგმების შესახებ. შეხვედრაზე ყველა დამსწრე პარტნიორს გააცნეს ის საკომუნიკაციო სტრატეგია, რომლითაც მოხდება პროექტის ყველა მიზნობრივ ჯგუფთან ინფორმაციის მიტანა. თავის მხრივ, შეხვედრაში მონაწილე პარტნიორი ორგანიზაციებიც გამოვიდნენ საინტერესო ინიციატივებით სესხების გაცემისა და ბიზნეს კონსულტაციების ტექნიკურ და ინფორმაციულ საკითხებთან დაკავშირებით, რაც მთლიანობაში ხელს შეუწყობს პროექტის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას მიზნობრივ ჯგუფებში და გამჭირვალეობის უზრუნველყოფას მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის მოსახლეობაში. 

###

პროექტს "მიკროდაფინანსება კონფლიქტით დაზარალებული რეგიონებისათვის" აფინანსებს ევროკავშირი და ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP). 18 თვიანი პროექტის ფარგლებში, გაიცემა მიკრო სესხები და ტრენინგები & კონსულტაციები ჩაუტარდება მცირე მეწარმეებს, ქალებს და იძულებით გადაადგილებულ პირებს. მიკრო სესხების გაცემას სამეგრელო - ზემო სვანეთში, შიდა ქართლში და მცხეთა - მთიანეთში უზრუნველყოფს ტენდერში გამარჯვებული ექვსი მიკრო საფინანსო ინსტიტუტი და ერთი  ბანკი: "ალიანს ჯგუფი", "კრედო",  "კრისტალი",  "კონსტანტა",  "ფინკა", "ფინაგრო" და " ლაზიკა კაპიტალი", ხოლო ბიზნეს ტრენინგებს და კონსულტაციებს ამავე რეგიონებში წარმართავს ტენდერის შედეგად შერჩეული ორგანიზაციები: "საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია" მცხეთა მთიანეთში,  "საქართველოს სოფლის განვითარების ფონდი" შიდა ქართლში და "ერანი" სამეგრელო-ზემო სვანეთში. პროექტის საკომუნიკაციო მენეჯმენტს ახორციელებს "ფაბლისითი ჯგუფი".

 

წაკითხულია: 9479