საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მიხეილ გიორგაძის ინიციატივით გრძელდება შეხვედრები სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი დაწესებულებების წარმომადგენლებთან.
14 ნოემბერს, 11:00 საათზე მინისტრი მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანულ კულტურის მუზეუმს ეწვევა და შენობას დაათვალიერებს. მიხეილ გიორგაძე შეხვდება მუზეუმის ხელმძღვანელობას და 18-19 ნოემბერს აზერბაიჯანში დაგეგმილ ვიზიტზეც ისაუბრებს. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ბაქოში აზერბაიჯანის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს მიწვევით მიემგზავრება. ვიზიტის ფარგლებში სხვადასხვა კულტურული ღონისძიებაა დაგეგმილი.
18 ნოემბერს ბაქოში საქართველოს მხატვართა ეროვნული შემოქმედებითი გაერთიანების ორგანიზებით მოეწყობა ქართველი მხატვრების გამოფენა - ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა თაობის 62 ქართველი მხატვრის 124 ნამუშევარი.
19 ნოემებერს დაგეგმილია კატალოგის პრეზენტაცია სახელწოდებით „აზერბაიჯანული ხალიჩები საქართველოს ეროვნულ მუზეუმში". კატალოგი მომზადდა და გამოიცა საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და თბილისის მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმის ერთობლივი პროექტის ფარგლებში.