15-დან 21 ნოემბრის ჩათვლით სტუდენტთა კვირეულისა და კამპანია #მომავალიპედაგოგის ფარგლებში სტუდენტური ღონისძიებები რამოდენიმე ქალაქში გაიმართება. ინიციატივა გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდისა და 6 პარტნიორი უნივერსიტეტის მონაწილეობით ჩატარდება.
გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა, რომელიც მე-5 წელია წარმატებით ახორციელებს საგანმანათლებლო პროექტებს, გასულ წელს სპეციალური სტიპენდიებიც დააწესა იმ წარმატებული სტუდენტებისთვის, ვინც მასწავლებლის პროფესიას ეუფლება. კამპანიის მიზანია გახადოს მასწავლებლის პროფესია უფრო მიმზიდველი, პოპულარიზაცია გაეწიოს პედაგოგიური მიმართულებით სწავლას, ერთმანეთს დააკავშიროს მოქმედი წარმატებული და მომავალი პედაგოგები.
ერთკვირიანი აქტივობების ფარგლებში დაგეგმილია ვორქშოფები, როგორც პარტნიორ უნივერსიტეტებში, ასევე, სხვადასხვა სკოლებში. ღია გაკვეთილებსა და მასტერკლასებს ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში წარმოჩენილი მასწავლებლები, გამარჯვებული დირექტორები და განათლების ექსპერტები ჩაატარებენ. კამპანიის ფარგლებში ფონდის სტიპენდიანტ სტუდენტებს საშუალება მიეცემათ თავად დაგეგმონ საინტერესო ღონისძიებები და ჩაერთონ საგაკვეთილო პროცესში, სხვადასხვა პროექტებში გამარჯვებული მასწავლებლები კი პროექტის მონაწილეებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. ამასთან ერთად, კვირეულის ფარგლებში სტიპენდიანტთა კლუბის პრეზენტაციაც იგეგმება, რომელიც 6-ვე უნივერსიტეტის სტუდენტებს გააერთიანებს.
ფონდის სასტიპენდიო პროექტის შესახებ: მომავალი მასწავლებლების სტუდენტური სტიპენდიებით დაფინანსების პროგრამა გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა გასულ წელს საკუთარი ინიციატივით წამოიწყო. აღნიშნული პროგრამა 6 სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით ხორციელდება. ეს უნივერსიტეტებია: გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, თელავის სახელმწიფო უნივერსტიტეტი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტი, ზუგდიდის შ. მესხიას უნივერსიტეტი და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ჯამში, მიმდინარე სემესტრიდან სტიპენდიას მაღალი მოსწრების 60-მდე სტუდენტი იღებს.