ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
მოსკოვის თეატრის „პეტრე ფომენკოს სახელოსნოს“ გასტროლები
05/03/2015

პრესრელიზი

5 მარტი, 2015
დაუყოვნებლივ გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
ნინო წითლანაძე
+995 593 75 03 49
griboedovtheatre170@gmail.com

პირველად საქართველოში
მოსკოვის თეატრის „პეტრე ფომენკოს სახელოსნოს" გასტროლები

[PUBLICITY.GE], 5 მარტი, 2015, თბილისი - 18-დან 22 აპრილის ჩათვლით ალ.გრიბოედოვის სახ. სახელმწიფო რუსული დრამატულითეატრის დიდ სცენაზე მოსკოვის ლეგენდარული თეატრი პირველად წარსდგება თბილისელი მაყურებლის წინაშე პეტრე ფომენკოს დადგმებით „მგლები და ცხვრები" და „ოჯახური ბედნიერება". 

სპექტაკლი „მგლები და ცხვრები" ა.ოსტროვსკის პიესის მიხედვით - თეატრის სავიზიტო ბარათია. ის დაიდგა 1992 წელს ფომენკოს სტუდენტების მონაწილეობით და დღემდე წარმატებით გადის თეატრის რეპერტუარში.

სპექტაკლი „ოჯახური ბედნიერება" ლ.ტოლსტოის რომანის მიხედვით, დაჯილდოვდა თეატრალური პრემიით „თოლია" (2000) ნომინაციაში „Somelikeithot" (ქსენია კუტეპოვას და ილია ლუბიმოვის დუეტი), ხოლო ქსენია კუტეპოვამ მიიღო კ.სტანისლავსკის პრემია ნომინაციაში „ქალის საუკეთესო როლი" (2001). 
„პეტრე ფომენკოს სახელოსნოს" გასტროლების მსვლელობისას გრიბოედოვის თეატრის ფოიეში გაიმართება გამოფენა, მიძღვნილი პეტრე ფომენკოს შემოქმედებისადმი და თეატრის 20 წლის იუბილესადმი. ექსპონატთა შორის საგულისხმოა სტენდი, რომელიც მოგვითხრობს იმ ორ სპექტაკლზე, რომლებიც ფომენკომ გრიბოედოვის თეატრში მუშაობის პერიოდში შექმნა (1970-1972) - ვ.კატაევის „ყვავილების გზა" და რ.კაუგვერის „შენი კუნძული". 
გასტროლების გენერალური სპონსორია - ვითიბი ბანკი.
პეტრე ფომენკო (1932-2012) - რეჟისორი, პედაგოგი, რუსეთის სახალხო არტისტი, თეატრის „პეტრე ფომერნკოს სახელოსნოს" დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი. მუშაობდა ლენინგრადის ნ.აკიმოვის სახ. კომედიის თეატრში, ვლ.მაიაკოვსკის, ევგ.ვახტანგოვის, მოსსოვეტის სახ. თეატრებში, „სატირიკონში" და სხვა. 1981 წელს დაიწყო პედაგოგიური საქმიანობა გიტისში. მისი მოწაფეები არიან რეჟოსორები სერგეი ჟენოვაჩი, მინდაუგას კარბაუსკისი, ივან პოპოვსკი, ვლადიმირ ეპიფანცევი, სერგეი პუსკეპალისი და სხვა. 1993 წელს პეტრე ფომეკოს სამსახიობო-სარეჟისრო ჯგუფს გიტისში თეატრის სტატუსი მიენიჭა. „პეტრე ფომენკოს სახელოსნო" არის თეატრი, სადაც ძიებისა და ექსპერიმენტებისაკენ სწრაფვა შერწყმულია რუსული სარეპერტუარო თეატრის ტრადიციებთან. სხვადასხვა წლებში თეატრმა მიიღო მონაწილეობა მრავალ რუსულ და საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში, მისი სპექტაკლები ყველაზე პრესტიჟული თეატრალური ფორუმების არაერთგზის ლაურეატია. პეტრე ფომენკოს გარდაცვალების შემდეგ თეატრს სათავეში ჩაუდგა რეჟისორი და პედაგოგი, „სახელოსნოს" ერთ-ერთი დამაარსებელი ევგენი კამენკოვიჩი. 

 

წაკითხულია: 3377