ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
მრგვალი მაგიდა თემაზე "სამართლის განვითარება იურიდიულ დისკურსში...”
17/04/2008


პრესრელიზი

17 აპრილი, 2008
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის

პროექტი "სამართლისა და იუსტიციის რეფორმები სამხრეთ კავკასიაში"
რუსთაველის გამზ. 30, 0146, თბილისი
ტელ.: 00995 32 933712, 987163, 758333;
ფაქსი: 00995 32 997764

საერთაშორისო პროფესიული დიალოგი თბილისში: სამართლის განვითარება იურიდიულ დისკურსში აზრთა მრავალფეროვნების გზით

[PUBLICITY.GE] თბილისი, 17 აპრილი, 2008 - 2008 წლის 17 აპრილს გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ)  რეგიონალური პროექტის "სამართლისა და იუსტიციის რეფორმები სამხრეთ კავკასიაში" ფარგლებში ქ. თბილისში, სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში იმართება რეგიონალური მრგვალი მაგიდა თემაზე "სამართლის განვითარება იურიდიულ დისკურსში აზრთა მრავალფეროვნების გზით". ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ოცდახუთამდე მოსამართლე, ადვოკატი, მეცნიერი და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და გერმანიიდან.

მრგვალ მაგიდაზე საუბარი იქნება სასამართო გადაწყვეტილებების, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების ფართო და ღია პროფესიული განხილვის მნიშვნელობაზე. მონაწილეები ერთმანეთს გაუზიარებენ საკუთარი ქვეყნების გამოცდილებას და გაანალიზებენ, თუ რამდენად არის გავრცელებული სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში სასამართლო გადაწყვეტილებათა კრიტიკული განხილვა იურიდიულ ლიტერატურასა და საზოგადოებაში. შესავალ მოხსენებას ამ თემასთან დაკავშირებით გააკეთებს ბატონი ნორბერტ ბერნსდორფი, გერმანიის სოციალურ საკითხთა ფედერალური სასამართლოს მოსამართლე. თავის მოხსენებაში ის ისაუბრებს სამართლებრივ სახელმწიფოში სამართლის განვითარებისათვის დისკუსიაში - რომელიც შესაძლოა წინააღმდეგობრივი და შიგდაშიგ პოლემიკურიც იყოს - ყველა მხარის ჩართვის მნიშვნელობაზე.

დღის მეორე ნახევარში მონაწილეები განიხილავენ კანონშემოქმედებით პროცესში იურისტთა პროფესიული ჯგუფების, დაინტერესებული მხარეებისა და საზოგადოების ჩართულობის საკითხს. ამ საკითხზე მოხსენებით გამოვა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საპარლამენტო მდივანი ბატონი ოთარ კახიძე, რომელიც საქართველოს გამოცდილებაზე ისაუბრებს. დღის ბოლოს განზრახულია კანონშემოქმედებით პროცესში აზრთა მრავალფეროვნებისა და გამჭვრივრალობის მნიშვნელობაზე გარკვეული შემაჯამებელი დასკვნების გაკეთება მონაწილე ქვეყნების პერსპექტივიდან და განხილვა იმისა, თუ როგორ შეიძლება მოხდეს პროცესის გაუმჯობესება.

გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება (GTZ) გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს დავალებით 1993 წლიდან მუშაობს სამხრეთ კავკასიაში სამართლისა და იუსტიციის რეფორმების სფეროში. კანონშემოქმედებით პროცესსა და დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში ადგილობრივი პარტნიორებისთვის კონსულტაციის გაწევასთან ერთად, პროექტი, პარტნიორებთან ერთად, ხელს უწყობს ახალი კანონების ცხოვრებაში გატარებას იურისტებისათვის კვალიფიკაციის ამაღლების კურსების მოწყობითა და იურიდიული ლიტერატურისა თუ სასამართლო გადაწყვეტილებების გამოქვეყნებით. გარდა ამისა, ხელი ეწყობა საზოგადოების სამართლებრივი ცოდნის ამაღლებას.

გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება (GTZ), როგორც მდგრადი განვითარებისთვის მოღვაწე ფედერალური ორგანიზაცია, ეხმარება გერმანიის მთავრობას განვითარების პოლიტიკის ფარგლებში დასახული მიზნების მიღწევაში. ის სთავაზობს მომავალზე ორიენტირებულ გზებს გლობალურ მსოფლიოში პოლიტიკური, ეკონომიკური, ეკოლოგიური და სოციალური განვითარებისთვის და ხელს უწყობს კომპლექსური რეფორმების გატარებას, მათ შორის რთულ პირობებში. მისი მიზანია ადმიანის არსებობის პირობების მდრადი გაუმჯობესება.    

წაკითხულია: 9861

 

გააგზავნე პრესრელიზი

პრესრელიზის გამოწერა

თვის ყველაზე წაკითხვადი პრესრელიზები
1
30 წელი წიგნიერებისა და წიგნის მოყვარულთა სამსახურში