ნარჩენების მართვის შესახებ კანონპროექტის პრეზენტაცია
14 მარტს, 10:30 საათზე, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო გამართავს ნარჩენების მართვის შესახებ კანონპროექტის პრეზენტაციას სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში" (საკონფერენციო დარბაზი „სალხინო"). კანონპროექტი ნარჩენების მართვის შესახებ შემუშავდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Twinning-ის პროექტის „გარემოს დაცვის სამინისტროს შესაძლებლობათა გაძლიერება ნარჩენების მართვის სისტემის შემუშავებისა და გაუმჯობესების მიზნით საქართველოში" ფარგლებში.
კანონპროექტი ნარჩენების მართვის შესახებ ითვალისწინებს ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომებისა და ევროპული სტანდარტების დანერგვას საქართველოში.
ეს კანონპროექტი, ასევე, მნიშვნელოვანია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკებების თვალსაზრისითაც, რადგანაც მის ერთ-ერთ მთავარ მიზანს გარემოს დაცვა წამოადგენს.
უკვე 20 წელია საქართველოს მთავრობა ისწრაფვის, შეიმუშავოს და დანერგოს კანონი ნარჩენების მართვის შესახებ. შესაბამისად, კანონპროექტს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.
შეხვედრას გახსნის საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ფილიპ დიმიტროვი მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ შეკრებილ აუდიტორიას. ღონისძიებას აგრეთვე დაესწრებიან სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
შეხვედრის მიზანია კანონპროექტის მთავარი მოთხოვნების და გამოწვევების განხილვა. მუნიციპალური ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული უფლებები, ვალდებულებები და პროცედურები, ასევე ნებართვები და ნაგავსაყრელების ოპერირება, ნარჩენების შეგროვება, ტრანსპორტირება, გადამუშავება, განთავსება და ნარჩენებთან დაკავშირებული სხვა დებულებები შემდგომ თვეებში განხილილული იქნება, როგორც საჯაროდ, ასევე, პარლამენტში.
მონაწილეებს გააცნობენ ევროპაში უკვე კარგად დამკვიდრებულ პრინციპს - „მწარმოებლის გაფართოებული პასუხისმგებლობა", რომელიც მიზნად ისახავს მწარმოებელთა მიერ ფინანსური და ორგანიზაციული წვლილის შეტანას მათი პროდუქციის ნარჩენების გადამუშავებაში.