გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) კოორდინატორს, ნეჯლა დემირდაროს შეხვდა.
ნეჯლა დემირდარომ სატყეო სექტორში თანამშრომლობის, მათ შორის, თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან (APAD) ერთად, საქართველოში ხანძრის ლიკვიდაციის და პირველადი დახმარების მიმართულებით ტრენინგების ჩატარების სურვილი გამოთქვა.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია სატყეო სექტორში შესაძლებლობების გაძლიერება. გამოცდილების გაზიარება სპეციალისტებს მავნებლებთან ბრძოლაში და ტყის ხანძრების პრევენციის მიმართულებით ძალიან დაეხმარება”, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
მინისტრის მოადგილემ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) შორის წარმატებულ თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, ტრენინგები მეცხოველეობისა და სურსათის უვნებლობის მიმართულებით ჩატარდა.
ნინო თანდილაშვილმა საქართველოში აკვაკულტურის განვითარების საკითხებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თურქეთი ამ სფეროში მოწინავე ქვეყანაა, შესაბამისად, დარგის განვითარებისთვის თურქული მხარის გამოცდილების გაზიარება განსაკუთრებით მნიშნელოვანია.