ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
19/05/2021
ნინო თანდილაშვილმა ტრანსპორტის, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვით საკითხებთან დაკავშირებით რიგით მეხუთე მაღალი დონის ონლაინ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა


ტრანსპორტის, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვით საკითხებთან დაკავშირებით რიგით მეხუთე მაღალი დონის ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა მიიღო.


შეხვედრა ორგანიზებული იყო ავსტრიის მთავრობის მიერ, გაეროს ევროპის ეკონომიკურ კომისიასთან (UNECE) და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალურ ოფისთან (WHO/Europe) თანამშრომლობით, ტრანსპორტის, ჯანმრთელობისა და გარემოს პან-ევროპული პროგრამის ფარგლებში (PEP).


შეხვედრის მონაწილეებმა სატრანსპორტო საშუალებების მოსახლეობის ჯანმრთელობასა და გარემოზე გავლენის საკითხები განიხილეს და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს.


„საქართველოში კლიმატის ცვლილების მულტისექტორული საბჭო დაარსდა, რომელიც მიზნად ისახავს გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის, კიოტოს პროტოკოლისა და პარიზის შეთანხმების ეფექტიანი განხორციელების უზრუნველყოფას. საბჭომ მხარი დაუჭირა საქართველოს განახლებულ „ეროვნულ დონეზე განსაზღვრულ წვლილს” (NDC), რომელიც ცოტა ხნის წინ დამტკიცდა საქართველოს მთავრობის მიერ. ამასთანავე, ახლახან დამტკიცდა 2030 წლის კლიმატის ცვლილების სტრატეგია და 2021-2023 წლების კლიმატის სამოქმედო გეგმა. პან-ევროპული პროგრამის (PEP) მთავარი მიზანი ტრანსპორტის, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის სექტორების წინსვლისთვის ისეთი ღონისძიებების განხორციელებაა, რომლის შედეგადაც მივიღებთ მწვანე და ჯანსაღ ტრანსპორტს, ადამიანის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას და გარემოს დაცვას. ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ, რომ ერთიანი ძალისხმევით უნდა შევძლოთ მწვანე და ჯანსაღი ტრანსპორტის განვითარება. შესაბამისად, საქართველოს მთავრობა ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებად დაბალი ემისიების განვითარებას ადგენს“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.


ტრანსპორტის, ჯანმრთელობისა და გარემოს პან-ევროპული პროგრამა (PEP) გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიისა (UNECE) და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის (WHO/Europe) 56 წევრი ქვეყნის მინისტრებსა და მაღალი რანგის თანამდებობის პირებს, ევროკომისიის წარმომადგენლებს, საერთაშორისო, მთავრობათაშორის და არასამთავრობო ორგანიზაციებს, ტრანსპორტის, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვაში მონაწილე სხვა დაინტერესებულ მხარეებს აერთიანებს. პან-ევროპული პროგრამა ხელს უწყობს ინტეგრირებულ პოლიტიკურ მიდგომას, რომელიც ტრანსპორტის, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის სექტორების ერთობლივი მუშაობით, ევროპაში მწვანე და ჯანსაღი სატრანსპორტო საშუალებების  განვითარებას ისახავს მიზნად.


შეხვედრის ბოლოს, მონაწილეებმა ტრანსპორტის, ჯანმრთელობისა და გარემოს შესახებ ვენის დეკლარაცია მიიღეს. დეკლარაცია ტრანსპორტის უფრო ახალ, სუფთა, უსაფრთხო, ჯანსაღ და ინკლუზიურ გარდაქმნაზე ფოკუსირდება. ასევე, დამტკიცდა პირველი პან-ევროპული გენერალური გეგმა, რომელიც რეგიონში ველოსიპედით მოძრაობის პოპულარიზაციას ითვალისწინებს.

ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 2231