ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
25/01/2024
ოთარ შამუგია ბრიუსელში ევროკომისარს სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეის შეხვდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისარს სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეის შეხვდა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდგომ, საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობა გადადის თვისობრივად ახალ ეტაპზე, რაც გულისხმობს უფრო მეტად ამბიციურ გეგმებს და მნიშვნელოვანი ვალდებულებების შესრულებას, რაზეც საქართველო სრულ მზადყოფნას გამოთქვამს.

შეხვედრაზე ოთარ შამუგიამ ევროკომისარს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ბოლო პერიოდის განმავლობაში სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სფეროებში განხორციელებულ ცვლილებებზე, მიღწეულ პროგრესსა და სამომავლო გეგმებზე. როგორც ოთარ შამუგიამ განაცხადა, ქვეყანაში ეკონომიკური განვითარების პარალელურად გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება უმნიშვნელოვანეს ამოცანად რჩება.


მინისტრმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული ვალდებულებების შესასრულებლად. ასოცირების შეთანხმების შესაბამისად, საქართველო, 2015 წლიდან, წარმატებით აახლოებს ეროვნულ კანონმდებლობას ევროკავშირის სამართლებრივ აქტებთან. დღეის მდგომარეობით, ევროკავშირის 200 სამართლებრივი აქტიდან, საქართველოს კანონმდებლობა უკვე დაახლოებულია 133 სამართლებრივ აქტთან. საქართველოს ჰქონდა ხელშესახები პროგრესი გასულ წელს გამოქვეყნებული ევროკომისიის ანალიტიკურ დასკვნაში ასახულ პრიორიტეტულ სფეროებში და, შესაბამისად, ეს პროგრესი სათანადოდ იქნა შეფასებული ევროკავშირის მხრიდან.


„ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა ევროკომისიის დასკვნაში ასახული რეკომენდაციების შესაბამისად და შევქმენით სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მოამზადა სამოქმედო გეგმა, სადაც ასახულია კონკრეტული ნაბიჯები, პასუხისმგებელი უწყებები, საჭირო რესურსები, რათა შევასრულოთ ის რეკომენდაციები, რაც გათვალისწინებულია ევროკავშირის დასკვნაში. ასევე ხაზგასასმელია ისიც, რომ კანდიდატის სტატუსი იძლევა შესაძლებლობას, დავიწყოთ მუშაობა საქართველოსთვის ევროკავშირის სხვადასხვა ფონდსა და მხარდამჭერ ინსტრუმენტზე წვდომის უფლების მინიჭებისთვის", - განაცხადა ოთარ შამუგიამ.


ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ დადებითად შეაფასა განხორციელებული რეფორმები და აღნიშნა, რომ საქართველო, როგორც კანდიდატი ქვეყანა, ევროკავშირის გაფართოების გზაზე პროგრესს განაგრძობს.


„ოთარ შამუგიასთან გამართულ შეხვედრაზე სოფლის მეურნეობასა და მწვანე ეკონომიკის კუთხით ევროკავშირთან თავსებადობა განვიხილეთ. ეს საკვანძო სფეროებია საქართველოს ევროკავშირის გზაზე. ჩვენი მხარდაჭერა გაგრძელდება", - განაცხადა ევროკომისარმა სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ.


 

ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 742