ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი უნებართვო SMS-რეკლამის შესახებ განცხადებას ავრცელებს
23/08/2013
პრესრელიზი
23 აგვისტო, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
 
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი უნებართვო SMS-რეკლამის შესახებ განცხადებას ავრცელებს
 
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა დღეს გაავრცელა განცხადება, რომელიც მობილური ტელეფონის ნომრებისა და ელექტრონული ფოსტის მისამართების სარეკლამო მიზნით გამოყენებას ეხება. არასასურველი სარეკლამო შეტყობინებებისგან თავის დასაცვად, ინსპექტორი მოქალაქეებს თავიანთ უფლებებს განუმარტავს, კომპანიებს კი მოუწოდებს, იმოქმედონ კანონის შესაბამისად და, პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე, კონსულტაციებს სთავაზობს. 
 
„კანონით, პირდაპირი მარკეტინგის  მიზნებისთვის, მონაცემთა დამუშავება დასაშვებია, თუ პერსონალური ინფორმაცია (სახელი, მისამართი, ტელეფონისა და ფაქსის ნომრები, ელექტრონული ფოსტის მისამართი) საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან არის მოპოვებული ან არსებობს მოქალაქის თანხმობა მისი მონაცემების დამუშავებაზე. 

მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია, აცნობოს მოქალაქეს, რომ მას აქვს უფლება მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა და შექმნას ამ უფლების განხორციელების ქმედითი მექანიზმები. მოქალაქის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში, მონაცემთა დამუშავება უნდა შეწყდეს მოთხოვნის მიღებიდან 10 დღეში. 
 
ასევე, მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, იცოდეს, თუ რა ინფორმაცია მუშავდება მის შესახებ და რა მიზნით, რა გზით შეგროვდა, ვისზე და რა საფუძვლით გაიცა მის შესახებ მონაცემები“,-ნათქვამია განცხადებაში. 
 
აღსანიშნავია, რომ SMS-სპამის შესახებ საზოგადოებაში მსჯელობა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გააქტიურდა. არასამათავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, მობილური მარკეტინგის კომპანიებს GeoSMS-სა და Paradox Georgia-ს მობილური ტელეფონის ნომრების რამდენიმემილინიონიანი ბაზები აქვთ. ამასთან, ამ კომპანიებმა ნომრის მესაკუთრეების ასაკი, სქესი და მისამართიც იციან. მობილური მარკეტინგის ზოგიერთი კომპანია კლიენტებს სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრას მობილურ ტელეფონზე დახარჯული თანხების მიხედვითაც სთავაზობს. 
 
###
 
ცნობისათვის: პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორი არის თანამდებობის პირი, რომელიც ზედამხედველობს საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მარეგულირებელი კანონმდებლობის  შესრულებას და ახორციელებს კონტროლს მონაცემთა დამუშავების კანონიერებაზე. ინსპექტორთან დაკავშირება შესაძლებელია ტელეფონით 0(32) 214-68-31 და ელ–ფოსტით office@pdp.ge.  ინსპექტორის გვერდი შექმნილია ფეისბუქში

წაკითხულია: 3145

 

გააგზავნე პრესრელიზი

პრესრელიზის გამოწერა

თვის ყველაზე წაკითხვადი პრესრელიზები
1
30 წელი წიგნიერებისა და წიგნის მოყვარულთა სამსახურში