პრესრელიზი
პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილის სასცენო მოღვაწეობის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო დღეები
[PUBLICITY.GE] თბილისი, 6 მარტი, 2012 - 2012 წლის 14-18 მარტს გაიმართება ნინო ანანიაშვილის სასცენო მოღვაწეობის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებები.
14 მარტს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში (გუდიაშვილის ქ. 7) ნინო ანანიაშვილის სასცენო კოსტიუმებისა და აქსესუარების გამოფენა გაიხსნება.
16 მარტს რუსთაველის სახელობის დრამატულ თეატრში წარმოდგენილი იქნება ერთმოქმედებიანი ბალეტები. Qსაბალეტო დასი მაყურებელს შესთავაზებს ესტონელი ქორეოგრაფის ტეეტ კასკის ახალი ერთმოქმედებიანი ბალეტის პრემიერას, რომელშიც მთავარ პარტიას, საბალეტო დასის სოლისტებთან ერთად, ნინო ანანიაშვილი შეასრულებს. პროგრამაშია ასევე ფრედერიკ ეშტონის ბალეტი "მარგარიტა და არმანი" და იური პოსოხოვის მიერ ქართულ მელოდიებზე შექმნილი ბალეტი "საგალობელი".
17 მარტს თბილისი მარიოტში შედგება ფოტოალბომის "ნინო ანანიაშვილი" პრეზენტაცია, რომელშიც ასახულია ნინო ანანიაშვილის შემოქმედებითი მოღვაწეობის ოცდაათწლიანი გზა. წიგნი ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარადაჭერით გამოიცა.
საიუბილეო დღეები დასრულდება 18 მარტს, თბილისის საკონცერტო დარბაზში, მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავების გალა-კონცერტით, რომელშიც ნინო ანანიაშვილთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ ამერიკსი ბალეტის თეატრის, მოსკოვის დიდი თეატრის, ესპანეთის, ჩინეთის, ინგლისის ცნობილი საბალეტო დასების სოლისტები. მათგან ბევრი სხვადასხვა დროს პარტნიორობას უწევდა პრიმა-ბალერინას. გალა-კონცერტში ასევე მონაწილეობს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასი და სიმფონიური ორკესტრი. გალა-კონცერტს მაესტრო ჯანლუკა მარჩიანო უდირიჟოროებს.
საიუბილეო ღონისძიებები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება. საინფორმაციო მხარდაჭერა ტელე იმედი, პირველი არხი და რადიო იმედი.