ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პროგრამა „დანერგე მომავალი“
09/07/2015

პროგრამა „დანერგე მომავალი"

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგნეტო 2015 წლის აგვისტოს თვიდან პროგამის „დანერგე მომავალი" მეორე ეტაპს იწყებს.

დღეს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს პროგრამის „დანერგე მომავალი" მენეჯერმა ლევან დოლიძემ კახეთის გუბერნატორის პირველ მოადგილეს ზურაბ არსენიშვილს და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს პროგრამა „დანერგე მომავალი" გააცნო.

განაცხადებების მიღება სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში აგვისტოდან დაიწყება და პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს საშუალება ექნებათ ახალი ხეხილის ბაღები შემოდგომაზე გააშენონ.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ პროგრამის „დანერგე მომავალი" ფარგლებში სულ 14 განაცხადი დაამტკიცა. პროექტის ფარგლებში 14 ბენეფიციარზე გაცემულია 575,889 ლარის დაფინანსება. 89.63 ჰექტარ მიწის ფართობზე გაშენებულია 84,3 ჰა ვაშლის კულტურა, 1 ჰა -ატამი, 3.09 ჰა ქლიავი, 1,2 ჰა ბალი. მიმდინარე თვის ბოლომდე შიდა ქართლსა და გურიაში ვაშლის, ატმის, ქლიავისა და ბლის ბაღები გაშენდება.ბენეფიციარებმა დაფინანსება ასევე მიიღეს სარწყავი სისტემის მოწყობისთვის.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივთ, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ პროგრამის „დანერგე მომავალი" განხორციელება თებევრლის ბოლოდან დაიწყო. პროგრამის მიზანია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში (თბილისის, რუსთავის, ბათუმის და ფოთის გარდა) სასოფლო-სამეურნეო მიწების მიზნობრივი გამოყენების ზრდის მაქსიმალური ხელშეწყობა, მრავალწლოვანი ბაღების გაშენება და სანერგე მეურნეობების მოწყობა.

პროგრამის „დანერგე მომავალი" ფარგლებში სახელმწიფო თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს:

• ბაღის გაშენების შემთხვევაში - ნერგების ღირებულების 70%-ს და წვეთოვანი სარწყავი სისტემის ღირებულების 50%-ს;
• სანერგე მეურნეობის შემთხვევაში - მეურნეობის შექმნის ღირებულების 50 % -ს.
პროექტის „დანერგე მომავალი" განხორციელებისთვის ორი წლის განმავლობაში 15 მილიონი ლარი დაიხარჯება. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია 1 000 - 1 200 ჰა-ზე თანამედროვე ტიპის ბაღის და 30 - 40 ახალი, თანამედროვე სანერგე მეურნეობის გაშენება, რაც ხელს შეუწყობს, ერთი მხრივ, ადგილობრივ ბაზარზე იმპორტ-ჩანაცვლების, ხოლო, მეორე მხრივ, საექსპორტო პოტენციალის გაზრდას.

 

წაკითხულია: 6011